დაივიწყეთ ფრაზა „არ მაქვს გამოცდილება“

ოცნების სამსახურზე მარიამ სანებლიძე ხშირად ფიქრობდა. უნდოდა დასაქმებულიყო იქ, სადაც შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და დაეხმარებოდა ადამიანებს სოციალური პრობლემების გადაჭრაში. სამომავლო პროფესიად საჯარო მართვა აირჩია, რადგან სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს, საჯარო ადმინისტრირების მენეჯერულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ მიმართულებას. მარიამის ყველაზე დიდი მიზანი ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანაა. უნდა, რომ საკუთარი ინოვაციური ხედვებითა და ახალი იდეების გენერირების გზით საჯარო მმართველობის სისტემა გააუმჯობესოს. ის, საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიზანი და უკვე შედეგზე ორიენტირებული გეგმები აქვს, მათ განხორციელებაზე არც კი უფიქრია. მარტივი მიზეზის გამო. ის პროფესიონალიზმის პირველ საფეხურზეა, ახალბედაა და შესაბამისად თვლიდა, რომ გამოცდილება არ აქვს და ვერც სამსახურს დაიწყებდა გამოცდილების გარეშე. მაგრამ, მან შეძლო და მიზანს მიაღწია. ის დღეს საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო საფინანსო კომპანიაში მუშაობს.

– მარიამ, რა არის თქვენთვის წარმატება?
– ვფიქრობ, წარმატება ჩემ მიერ გაღებული შრომის ნაყოფია. ცხოვრების სავალ გზაზე განხორციელებული თითოეული წარმატებული ქმედება უდრის ერთ ნაბიჯს, რომელსაც ვდგამ ჩემი და გარშემომყოფების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ასამაღლებლად.

– როგორ სამსახურზე ოცნებობთ?
– ამ საკითხთან მიმართებით ოცნება არარეალისტურად მიმაჩნია. ისე კი, სურვილი მაქვს ვიმუშავო ისეთ პოზიციაზე, სადაც ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს ვიგრძნობ სასარგებლო და საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანად. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო მამოტივირებს იმისკენ, რომ გავხდე კვალიფიციური და პროფესიონალი კადრი, რათა ჩემი წვლილი შევიტანო ამ მძიმე ვითარების გაუმჯობესებაში. ასევე, მსურს დავსაქმდე ისეთ გარემოში, სადაც მუდმივად მექნება კარიერული განვითარებისა თუ წინსვლის შესაძლებლობა, რადგან მუდმივად ვიყო ტონუსში და არ ჩამოვრჩე სიახლეებს.

– რატომ გადაწყვიტეთ კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლა და „დასაქმების კურსის“ გავლა?
– სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე, კარიერული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილი უფასო მასტერკლასების შესახებ და დავრეგისტრირდი. რა თქმა უნდა, ყველამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ინტერესით განმაწყო, თუმცა ,,ხრიკები, რომელიც გამოხმაურებას თქვენს რეზიუმეზე სამჯერ გაზრდის“ განსაკუთრებული იყო. რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ კარიერული განვითარების ცენტრიდან, შემომთავაზეს კონსულტაცია და, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. აღნიშნულ კონსულტაციაზე უკეთ გავიგე ცენტრისა და პროგრამის – დასაქმების ექსპრესს კურსის შესახებ და ეჭვიც აღარ შემპარვია იმაში, რომ ეს პროგრამა ჩემთვის იყო.

– რა მოლოდინები გქონდათ?
– მოლოდინი მქონდა იმისა, რომ შევძლებდი ჩემი მომავალი კარიერული ნაბიჯების სწორად და უფრო ზუსტად დაგეგმვას, უფრო მტკიცედ თვითგამორკვევას თუ რა მსურდა, საით მიმემართა ჩემი ძალები და შრომა. მოხარული ვარ, რომ მოლოდინები გამიმართლდა და მეტიც, ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა.

– როგორ მიმდინარეობდა კარიერული კონსულტაციის პროცესი?
– არ შემიძლია არ აღვნიშნო რაოდენ პოზიტიური და საინტერესო იყო მთელი კონსულტაციის პროცესი. მივიღე ზუსტი და მკაფიო რჩევები, ამომწურავი პასუხი ყველა შეკითხვაზე. კონსულტაციის დასრულების შემდგომ, თითქოს ერთიანად მომეცა ძალა და სურვილი, რომ ბევრი რამ შემეცვალა და გამეუმჯობესებინა ჩემს ცხოვრებაში.

– რა შედეგები მოგცათ დასაქმების კურსის გავლამ და კარიერულმა კონსულტაციებმა?
– ყოველთვის მაბრკოლებდა და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევდა იმ საკითხზე ფიქრი, რომ არ მქონდა შესაბამისი გამოცდილება ჩემთვის საინტერესო სფეროში, თუმცა როდესაც კონსულტაციაზე დეტალურად განვიხილეთ ჩემ მიერ ცხოვრებაში გადადგმული კარიერული ნაბიჯები, ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ დიახ, გამოცდილება არა ერთ, არამედ რამდენიმე სფეროში მქონია და უბრალოდ , ვერ აღვიქვამდი მას, როგორც გამოცდილებას. ყოველივე ამის გააზრება და გაცნობიერება, რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა, შემმატა საოცარი თავდაჯერებულობა. დასაქმების ექსპრესს კურსმა მასწავლა, რომ გასაუბრებაზე თანაბარ პოზიციაზე ვართ მე და დამსაქმებელი. ეს ერთი შეხედვით ისედაც ნათელია, თუმცა მაინც სხვაგვარად ვნერვიულობთ და ემოციურად ვუდგებით ამ საკითხს. აღნიშნული კურსის მეშვეობით სწორედ რომ ამ ემოციურ დამოკიდებულებაზე გაააზრებული უარი ვთქვი, დავძლიე. ჩემი რეზიუმე დავხვეწე და შედეგმაც არ დააყოვნა. აქვე ვიტყვი,რომ კურსის ჩემეული შეფასება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია შედეგთან. ყოველი ვებინარის მოსმენის შემდგომ ვხდებოდი უფრო მეტად პროდუქტიული. ვცდილობდი სიახლეების გაცნობას,საკუთარი თავის გამოცდას, სხვანაირად ვიწყებდი ფიქრს მომავალ განვითარებაზე.

– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კურსს ადამიანებისთვის, რაში ეხმარება?
– პირველრიგში, ამ კურსს შეუძლია ადამიანს ზუსტად დაანახოს რა ნაბიჯები აქვს ცხოვრებაში გადადგმული კარიერული თვალსაზრისით. მასში ჩართვას განსაკუთრებით ვურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ბევრი არაფერი შეუქმნიათ და არაპროდუქტიულად მიიჩნევენ საკუთარ თავს. სწორედ ასეთი ადამიანების რიგებში ვიკავებდი ადგილს. მიხარია,იმის გაცნობიერება ,რომ ახლა საკუთარი თავი ამ მხრივ წარსულში მოვიხსენიე და წარსულშივე დავტოვე საკუთარი თავით უკმაყოფილება. აღნიშნულ კურსს შეუძლია დაანახოს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობები, თითქოს ეს არარეალურად ჟღერს, რადგან საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა კომპლექსური და დროში გაწელილი პროცესია, თუმცა ამ პროცესის დაწყება, ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ აუცილებელია სწორი და ჩვენთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმისთვის. ასევე, კურსი ეხმარება და უბიძგებს ადამიანს ისწავლოს საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა. მომავალ მონაწილეებს დასაქმების ექსპრეს კურსი ამ კუთხით მეტად დაეხმარება.

– თქვენი აზრით,რატომ სჭირდება ადამიანებს კარიერული კონსულტაციის გავლა?
– ვფიქრობ, კარიერული კონსულტაცია ყველა იმ ადამიანმა უნდა გაიაროს ვინც ზრუნავს საკუთარი მომავლის შენებაზე და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა პროფესიონალიზმის რომელ საფეხურზეა. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ბევრს არ აქვს განსაზღვრული რა სურს რომ აკეთოს მთელი ცხოვრება, რისი კეთება ანიჭებს ბედნიერებას. შესაძლოა პირი ერთ კონკრეტულ საქმიანობაში იყოს პროფესიონალი, თუმცა თავად საქმიანობა იყოს მიმართული საკუთარი სურვილების საპირისპიროდ. პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმის დროს, კონსულტაცია უდრის მკვეთრად შემცირებულ რისკებს, დროისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას და ჩვენს ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურ რეალიზაციას.

– მარიამ,თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– უპირველეს ყოვლისა, რაც დაზუსტებით ვიცი ისაა,რომ არ ვაპირებ პაუზის აღებას; საჯარო მმართველობის ბაკალავრის დასრულების შემდგომ,ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას და მაგისტრის ხარისხის მოპოვებას. კონკრეტული განხრა და შესაბამისი სასწავლებელი ჯერ დაზუსტებული არ მაქვს,რადგან ჯერ კიდევ ჩემთვის მორგებული და ოპტიმალური პროგრამის ძიებაში ვარ. რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს საყვარელი საქმის კეთებისთვისა და გარშემომყოფების ბედნიერებისთვის.


რუბრიკის ავტორი:

ეთო ბიქოშვილი,
ჟურნალისტი