მარტივის კეთება უფრო რთულია, ვიდრე რთულის

სასურველი საქმიანობის არჩევის პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი გარემოების გათვალისწინება გვიწევს, განსაკუთრებით თანამედროვე პირობებში. შეგვიძლია, ერთდროულად რამდენიმე პროფესიაც ავირჩიოთ. როგორ ვირჩევთ პროფესიას? ,,კეთილის მსურველთა” რჩევების გათვალისწინებით თუ მომავალში დასაქმების პერსპექტივის და მაღალი ანაზღაურების მიღების იმედით? იდეალური ვარიანტია, როცა ირჩევ პროფესიას, რომელიც გიყვარს, ამაში გიხდიან მისაღებ ანაზღაურებას და ხედავ შენი მუშაობის შედეგებსაც. 

ეკა მოქიამ პროფესიად პედაგოგობა ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში აირჩია. ის ახლა საბავშო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობს. კმაყოფილია საკუთარი საქმიანობით, აქტიურადაა ჩართული პროფესიულ პროექტებში და ყოველდღე ზრუნავს კარიერულ განვითარებაზე. ,,ჩემი საქმიანობა ბავშვების განვითარებაზე ზრუნვას უკავშირდება. ბავშვებთან ურთიერთობით ვსწავლობ. მათი მოციმციმე თვალები მუდამ პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს და უფრო მეტის გაკეთების მოტივაციას მაძლევს.”

– ეკა, თქვენ პროფესიით პედაგოგი ხართ. როგორ ფიქრობთ, პროფესია სწორად აირჩიეთ? 

– დიახ, აბსოლუტურად სწორად ავირჩიე.

ნათქვამი გაქვთ: ,,ბაღი ის ადგილია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ,” რას ნიშნავს თქვენთვის ,,პროფესიაში კომფორტის ზონა?”

– მასწავლებელი სამყაროს ხერხემალია. ის ასულდგმულებს დედამიწას. მის გარეშე განათლება ვერც კი იარსებებდა. მასწავლებელი თაობებს ზრდის. მასწავლებლობა მუდმივი ძიების გზაა და ამ გზაზე სიარული არის ზუსტად ჩემი კომფორტის ზონა პროფესიაში.

– საინტერესო შეფასებაა. თქვენ თვლით, რომ ამ მუდმივი ძიების გზაზე მასწავლებელს სჭირდება ტრანსფორმაცია? 

– აბსოლუტურად. მასწავლებელს ყველაზე მეტად სჭირდება ტრანსფორმაცია დროის და ვითარების შესაბამისად. ციფრული სამყაროში ცხოვრება მარტივი არ არის. ტექნოლოგიური სიახლეები და საზოგადოების ახალი ინტერესები მასწავლებლისგან მოითხოვენ მოულოდნელი, ხანდახან სრულიად უცხო და რთული ამოცანების ამოხსნას, პრობლემების გადასაჭრელად განსხვავებული გზების ძიებას.

– ტრანსფორმაციის პროცესი როგორია?

– რთულია. რადგან ყველას არ აქვს უნარი ეფექტურად უპასუხოს გამოწვევებს. ეს კარგად დაგვანახა მსოფლიო პანდემიამ. ბევრი ჩემი მეგობარი დეპრესიაში ჩავარდა, გახდა დემოტივირებული, რადგან არ იცოდნენ ახლა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოქცეულიყვნენ. უცბად მოგვიხდა სხვა სისტემაზე გადაწყობა, რომელიც ჩვენთვის უცხო აღმოჩნდა. ყველამ და ყველაფერმა განიცადა ტრანსფორმაცია. პირადად მე დავინახე, რომ მიუხედავად ყველა საჭირო უნარისა, რაღაც მაკლდა. რაღაც მიშლიდა ხელს. გადავხედე განვლილ ცხოვრებასაც და აშკარა იყო, რომ ბევრის გაკეთება შემეძლო. საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან… დაუსრულებელ ფიქრებში გავეხვიე. COVID-19 დამანახა, რომ ტრანსფორმაციის რთულ პროცესში დავიკარგე.

რას გულისხმობთ დაკარგვაში? 

– პანდემიამ ახალი რეალობა შექმნა. სხვა მოთხოვნები და სტანდარტები ,,დაგვიწესა”. გაჭირდა შრომის ბაზარზე ადგილის შენარჩუნება. წინა ღამით მშვიდად დავიძინე და დილით უკვე სხვა სამყაროს ნაწილი გავხდი. მაგიდის შეცვლა, ლიტერატურის გადალაგება და სხვა კალმები დამჭირდა. თან უკვე ვიცოდი, რომ საღამოს დავალება შესასრულებელია. რა უნდა მექნა? არ ვიცი. ამიტომ ვამბობ, რომ დავიკარგე. დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მზად არ ვიყავი ახალი რეალობისთვის. ვერ გავუმკლავდებოდი ამას. არ მქონდა საჭირო უნარები, კომპეტენცია, ღირებულებები… მაგრამ, გადავლახე (იღიმის)

– როგორ?

– ერთ ონლაინ ვებინარს დავესწარი, სადაც ტრენერმა თქვა: ,,თქვენ უკვე საკმარისი ხართ” ამ ფრაზამ დამაფიქრა და მალევე აღმოვაჩინე ინსტრუმენტი, რომელიც დამეხმარა ჩემი ცხოვრების რადიკალურად შეცვლაში. ეს იყო ,,თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსი”.

– ამ ფრაზამ გადაგაწყვეტინათ კურსის გავლა? 

– იმ ერთ საათიანი ვებინარის განმავლობაში აღმოვაჩინე პრობლემები, რომელიც წარმატების მიღწევაში ხელს მიშლიდა. ეს იყო თავდაჯერებულობის პრობლემა. ასევე გავეცანი ექსპრეს კურსს ოცნების სამსახურისთვის. რადგან პროგრამა ზუსტად პასუხობდა საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამიტომ, ორივე კურსი გავიარე, რადგან ტრანსფორმაციის პროცესში ორივე მჭირდებოდა.

– რა მოლოდინები გქონდათ? 

– ისეთ შედეგს მივიღებდი, რომელსაც მეგობრებს გავუზიარებდი.

– როგორ მიმდინარეობდა სწავლების პროცესი? 

– დისტანციურად მიმდინარეობდა. ჩემთვის კომფორტული და მოსახერხებელი იყო. ნაყოფიერი და პროდუქტიული. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შემეძლო მოსმენა, ყურება, კითხვების დასმა ონლაინ სკოლის სპეციალურ აპლიკაციაში და უკუკავშირის მიღება რაც მთავარია.

– რა შედეგები მოგცათ სასწავლო პროგრამებმა?

– დაგეგმვა და დელეგირება ვისწავლე. ვიცი, როგორ ვმართო დრო სწორად. როგორ და რა დოზით გადავდგა ნაბიჯები კარიერული წინსვლისთვის. ემოციების მართვა ვისწავლე. ახლა ვიცი, რომ შინაგანი ფასეულობები მნიშვნელოვანია. კურიდან ვისწავლე, რომ არცერთი სურვილი არ მოდის მისი რეალიზებისთვის საჭირო რესურსის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სურვილი ,,ასრულებადია”, ყველას გვაქვს უკვე ამისთვის საჭირო ყველა რესურსი. ახლა ვიღებ ყველა გამოწვევას. მომწონს უარები და ღიმილით ვიღებ თითოეულ უარს, რადგან ვიცი, ისინი ინვესტირდება ,,კი-დ”. (იღიმის) გავიზარდე, რადგან მიზნების მიღწევის მოთხოვნილება მაქვს. საკუთარ თავს ვფლობ სრულყოფილად. ამასთანავე, ვისწავლე როგორ შევადგინო ეფექტური რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, როგორ მოვახდინო გავლენა HR სპეციალისტზე. უკვე ისიც ვიცი, შრომის ბაზარზე როგორ ვიპოზიციონირო სწორად და გამართულად. ახლა ფიქრების გამარტივება შემიძლია. მარტივის კეთება უფრო რთულია, ვიდრე რთულის. არასწორი ფიქრები ხელს გვიშლის წარმატებაში. ფიქრების გამარტივებას დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება. მაგრამ, ნამდვილად ღირს, რადგან თუ იქამდე მიაღწიე, მერე მთების გადადგმასაც შეძლებ. აი ასეთ ხასიეთზე ვარ ახლა. (იცინის) ხომ გეუბნებით, ფერიცვალება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და აზროვნებაში…

– რაში გამოიხატება ფერიცვალება?

– შევიცვალე ადამიანების მიმართ. დამოკიდებულება შემეცვალა. ახლა ურთიერთობებს ახალი მეთოდებით ვმართავ. გეგმები და იდეები მაქვს დროში გაწერილი, სტრატეგიაც. ახლა რომ მკითხოთ, ადამიანის ცხოვრების შეცვლა შესაძლებელია თუ არა, მე გეტყოდით – 1 თვეში.

– თქვენ თქვით, რომ შედეგების გაზიარება გინდოდათ მეგობრებისთვის. ეს ორმაგად საპასუხისმგებლოა დამეთანხმებით, რადგან ერთია თავად გაართვა თავი ამ რთულ პროცესს და მიიღო შედეგი, მეორეა ისეთი შედეგი მიიღო, სხვასაც გაუზიარო. გამართლდა თქვენი მოლოდინი?

– 100%-ით.

– ეკა, რა არის თქვენთვის წარმატება? 

– საქმე, რომელსაც ვაკეთებ.

– თქვენს საქმიანობაში თავს წარმატებულად თვლით?

– წარმატებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მიზანსწრაფულობა, შრომისმოყვარეობა, გარემო ფაქტორები, და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს წარუმატებლობაც, მარცხი. დიახ, მე ვთვლი, რომ წარმატებული ვარ. მაქვს სწორად არჩეული პროფესია. გავლილი მაქვს ის სირთულეები რაც ამ ყველაფერს თან ახლდა. ვფიქრობ, რომ არასდროს არის გვიან აკეთო ის რაც იცი, რომ ყველაზე უკეთ გამომდის.

– როგორ დღეზე იტყოდით ,,რა შესანიშნავი დღეა?”

–  ბავშვებთან გატარებული ყოველი დღე შესანიშნავია.

– თქვენ, უკვე დაასრულეთ ორი სასწავლო პროგრამა: თავდაჯერებულობის ზრდის და დასაქმების. როგორ ფიქრობთ, თქვენი მიზანი და შესაძლებლობები ამის შემდეგ როგორ დაბალანსდება? 

– უკვე დაბალანსებულია.

– ჩვენს ინტერვიუს დავასრულებ  უილიამ არტურ უერდის სიტყვებით: „საშუალო დონის მასწავლებელი გიყვება, კარგი მასწავლებელი გიხსნის, ძალიან კარგი გიდასტურებს, საუკეთესო მასწავლებელი კი შთაგაგონებს“. ეთანხმებით ამ გამონათქვამს?

– დიახ. ვფიქრობ, მთავარია ახალგაზრდას ბიძგი მისცე, სავალი გზა აჩვენო და დაანახო, როგორ აკეთოს. ცხოვრებაში ასეა. ზოგჯერ შთაგონების წყაროს ძიებას ვიწყებთ. ვეძებთ მოტივატორს მაშინ, როცა გარემო ნაცრისფერია. საუკეთესო მასწავლებელს შეუძლია შთააგონოს. შთაგონება ნიშნავს აპოვნინო მოზარდს ,,ნატვრის თვალი”. ვერცერთი პედაგოგი ამას ვერ შეძლებს, თუ თავდაჯერებული არ არის.

 

რუბრიკის ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი