რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტი და როგორ გავზარდოთ ის?

თითოეული ჩვენგანი განსხვავებულია ხასიათით, სურვილებით, საჭიროებებით, ინტერესებით და ემოციების გამოხატვის ფორმებითაც. ალბათ, ყველას შეგვხვედრია ერთი ისეთი ადამიანი მაინც, რომელიც ოსტატია საკუთარი ემოციების მართვაში. ასეთი ადამიამები წყობიდან არ გამოდიან და არ ბრაზდებიან სტრესულ სიტუაციებში, რადგან მათ აქვთ უნარი შეისწავლონ პრობლემა და მშვიდად იპოვონ გამოსავალი. ეს ფაქტი კი, მაღალი ემოციური ინტელექტის არსებობით აიხსნება.

ემოციური ინტელექტი არის ემოციების მოსმენის, მათთვის სახელის დარქმევის, მათი გააზრების, მართვის, გაგების და კონტროლის უნარი. ის გვეხმარება სხვების ემოციების გაანალიზებაშიც.

ემოციური ინტელექტი განისაზღვრება 4 ფაქტორით:

1. საკუთარი თავის მართვა – უნარი გამოიყენო შენი ცნობიერება საკუთარი ემოციების სამართავად, იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება. შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

2. თვითშეგნება – უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში. ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში. თვითცნობიერების ზრდასთან ერთად ადამიანთა კმაყოფილების შეგრძნება, ანუ უნარი მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, იზრდება.

3. სოციალური ცნობიერება – უნარი გააცნიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო რა განწყობაზე იმყოფებიან ისინი მოცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება. მონოლოგის ნაცვლად მოსმენა და დაკვირვება, გვეხმარება დავინახოთ ჭეშმარიტი მდგომარეობა, რაშიც ჩვენი გარშემომყოფები არიან.

4. ურთიერთობების მართვა – უნარი, შეგეძლოს შენი სოციალური ცნობიერების გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის. ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისათვის.

დღევანდელ რეალობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია პროფესიულ ცხოვრებაში, როგორც სხვა ტექნიკური უნარი. ის გავლენას ახდენს ჩვენს შედეგზე, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებსა და სოციალურ განათლებაზე. კონკურენტულ სამუშაო გარემოში ემოციური ინტელექტის განვითარება პროფესიული წარმატების საფუძველია. კომპანიები, რომლებსაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე თანამშრომლები ჰყავთ გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, უფრო მომგებიანები და პროდუქტიულნი არიან.

თუ გსურთ, რომ გაიგოთ რამდენად არის თქვენში ემოციური ინტელექტი განვითარებული, საწყის ეტაპზე საჭიროა დაფიქრდეთ თქვენს რეაქციებზე, პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენებიდან გამომდინარე. ასევე დაფიქრდით, როგორ იღებთ ახალ სიტუაციებს, გამოწვევებს. იფიქრეთ, შეგიძლიათ თუ არა ემოციების ცვლილება და ა.შ თუ ემოციების მართვაში ხედავთ პრობლემებს, ამის გამოსწორება შესაძლებელია – ემოციური ინტელექტის გაზრდით.

უნარები, რომლებიც შეადგენენ ემოციურ ინტელექტს, შეიძლება შეისწავლოთ და განავითაროთ. ამისთვის კი, საჭიროა:

✓ კომუნიკაციის თავდაჯერებული სტილის გამოყენება;
✓ წამიერი რეაგირების ნაცვლად, კონფლიქტზე ეფექტური და რაციონალური პასუხი;
✓ აქტიური მოსმენა;
✓ მოტივაცია;
✓ დადებითი განწყობის შენარჩუნება;
✓ კრიტიკის მიღება;
✓ სხვებისადმი თანაგრძნობა;
✓ სხვების ემოციების მიღება და გაზიარება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ემოციები ცხოვრების ტემპს, მოტივაციასა და გადაწყვეტილებების მიღების სტრატეგიებს გვკარნახობს. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის განვითარება და გაზრდა თანამედროვე ადამიანის წარმატების მთავარი გასაღებია. კვლევები ცხადყოფს, რომ ემოციური ინტელექტი ადამიანის კეთილდღეობასა და პროდუქტიულობის ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენასაც ახდენს.

,,თუ თქვენ ეს არ გაქვთ, მაშინ არ აქვს აზრი სხვა დანარჩენს, რაც გაგაჩნიათ; თუ თქვენ ეს გაქვთ, მაშინ თქვენ მეტი აღარაფერი გჭირდებათ”. (ჟანა კრაიგი ემოციური ინტელექტის შესახებ.)

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი