რატომ ვერ პასუხობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნებს?

უმაღლესი განათლების მიმართულებით, გარდა ხარისხის და ხელმისაწვდომობის პრობლემებისა, რაზეც სტუდენტები ყურადღებას ხშირად ამახვილებენ, კურსდამთავრებულთა კომპეტენციების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაც, მათი შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. რამდენად უზრუნველყოფს საქართველოში უმაღლესი განათლება კურსდამთავრებულის შრომის ბაზრისთვის მზადყოფნას? პასუხობს თუ არა ქართული განათლების სისტემა საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთცოვნებს? რა პრობლემებს ხედავენ სტუდენტები ამ მიმართულებით და როგორ აფასებენ უმაღლესი განათლების ხარისხს?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ხატია ძნელაზე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი მეტწილად ვერ ახერხებს, უზრუნველყოს კურსდამთავრებულების მომზადება შრომის ბაზრისთვის. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სასწავლო პროცესი, ძირითადად, თეორიული მასალის შესწავლაზეა ორიენტირებული და სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობას ნაკლებად იცნობენ, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, სტუდენტობის პერიოდში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. ,,როცა ჟურნალისტიკაზე სწავლობ, არ გჭირდება იზეპირო რომელ წელს დაიბეჭდა პირველი გაზეთი, ან როგორ პერიოდში მოუხდა პირველ ჟურნალისტებს მუშაობა. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესოა, მაგრამ ამას ამოიკითხავ გუგლშიც. ჟურნალისტს სჭირდება მთლიანად პრაქტიკა, რათა უნივერსიტეტის დასრულებია შემდეგ არ დაიკარგოს და არ იფიქროს პროფესიის შეცვლაზე.”

მარიამ სანებლიძე საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტია. მისი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, აკადემიურად რამდენად წარმატებულია სტუდენტი, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, ხშირ შემთხვევაში, მას სათანადო პრაქტიკული უნარი არ აქვს იმისათვის, რომ არსებულ შრომის ბაზარზე დასაქმდეს. ,,სტუდენტი ასრულებს დავალებებს, წერს ისე, როგორც ლექტორი ითხოვს, სწავლობს საკმაოდ ბევრ მასალას და გამოცდასაც წარმატებით აბარებს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ინფორმაცია დავიწყებას ეცემა, რადგან პრაქტიკაში გამოუყენებლობა თავისთავად ასეთ შედეგს მოგვცემს. დღეს შრომის ბაზარზე ისეთი კადრის საჭიროებაა, რომელსაც შეუძლია კრიტიკულად და ანალიტიკურად აზროვნება, არის კრეატიული, სურს ახალი იდეები დანერგვა, აქტიურია და ყველა ის თვისება აქვს, რასაც ძირითადად უნივერსიტეტის გარეთ ვიღებთ სხვადასხვა პროექტების და აქტივობების საშუალებით.”

როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ანა ნაგერვაძე ამბობს, სტუდენტის დასაქმება რთულია, რადგან მაღალია კონკურენცია. ,,დღეს გაცხოველებული კონკურენციის პირობებში, სტუდენტებს დასაქმება უჭირთ. ისინი არ არის სათანადოდ მომზადებულები. არ იციან გადაუბრებაზე როგორ გააკეთონ ეფექტური თვითპრეზენტაცია, როგორ შედგინონ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი. ამას უნივერსიტეტში არავინ გვასწავლის. განათლების სისტემა ,,არ ფიქრობს” ჩვენს დასაქმებაზე, არ იცნობს შრობის ბაზრის მოთხოვნებს. გვასწავლიან შაბლონურად. ამას ვადა გაუვიდა. სიახლეები გვჭირდება, რაც რეალურად გამოასწორებს მდგომარეობას.”

ნინო შელია მომავალი იურისტია. ის თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მისი აზრით, დასაქმების პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია. ,,ბაზარზე დიდი კონკურენციაა და თუ შენს საქმეში ძალიან მაგარი არ ხარ და რაც მთავარია ამ ყველაფრის წარმოჩენა და სხვისთვის დანახება არ შეგიძლია, შესაბამისად, დასაქმების რეალური შანსებიც საგრძნობლად მცირდება. უნივერსიტეტები ძირითადად თეორიულ ცოდნაზე არიან ორიენტირებული, ხოლო დამსაქმებლებს უაზროდ მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული, რაც ცხადია, ხელს უშლის სტუდენტს, რომელსაც პრაქტიკა არ აქვს, უნივერსიტეტის დასაქმების შემდეგ თავისი პროფესიით დასაქმდეს.”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტი მარიამ ნერსეზაშვილი საუბრობს პრობლემის გადაჭრის გზებზე. ,,აუცილებელია შეიცვალოს განათლების სისტემა. გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკასაც. მისცენ სტუდენტებს ის, რასაც ითხოვს შრომის ბაზარი. აუცილებელია ასაკობრივი ბალანსის დაცვა. ახალ თაობას ახალი უნარები აქვს, განსხვავებული იდეები და მიდგომები. პრობლემა რომ გადავჭრათ, საჭიროა უნივერსიტეტშივე იცნობდეს სტუდენტი საკუთარ პროფესიაში რა მოთხოვნები, ტენდენციები და სტანდარტებია. რას ითხოვს და რა ფორმით შრომის ბაზარი. სტუდენტმა უნდა იცოდეს საკუთარი თავის წარდგენა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა.”

ხატია ძნელაძე კი, პრობლემის გადაჭრის მთავარ ინსტრუმენტად განათლების და ინოვაციების ინტეგრირებულ სახელმწიფო პოლიტიკას მიიჩნევს. ,,პრობლემურიის ფაქტი, რომ საქართველოში განათლების, ინოვაციების და დასაქმების პოლიტიკა დღემდე ერთმანეთისგან განცალკევებულად ხორციელდება. აუცილებელია, განათლების სისტემაში ჩართულმა პირებმა თვალი ადევნონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე არსებულ უახლეს ტენდენციებსა და მოთხოვნებს; უზრუნველყონ ტრანსფერული უნარების სწავლების სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირება.”

საქართველოში დღემდე პრობლემურია სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების საკითხი. მწირია ოფიციალური ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ და არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკა საერთაშორისო შრომით ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. უმაღლესი განათლების პროგრამები ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით არ ტარდება სისტემატური კვლევები. ასევე,არ არსებობს კვლევის პრაქტიკა განათლების სფეროში განხორციელებული ცვლილებების შესაფასებლად. ვერ ხერხდება კურსდამთავრებულთა დასაქმების ზუსტი რაოდენობის დადგენა. არ არსებობს ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ერთიანი სისტემა. ყოველივე ამის გამო, გვიჭირს, საერთაშორისო შრომით ბაზარს ეფექტურად ვუპასუხოთ.

 

 

ავტორი:
ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი