რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული სასკოლო განათლება?

21-ე საუკუნეში, სუპერმოდერნიზებულ სამყაროში, ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, მათ შორის გამონაკლისი არც განათლების სისტემაა. შეიქმნა სტრატეგიები, რომლებიც ძირეულად შეცვლის ტრადიციულ განათლების მეთოდებს და ტენოლოგიების საშუალებით ადამიანისთვის სწავლა უფრო მარტივად ათვისებადი და შედეგზე ორიენტირებული გახდება. დღეს, განათლების გაციფრულება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ცხადია, საქართველოც ამ მიმართულებით ვითარდება.

ბევრი ნაბიჯი გადაიდგა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. თუმცა, გამოწვევები მაინც ბევრია, განსაკუთრებით სასკოლო განათლების სისტემაში. ყველაზე მთავარი გამოწვევა პრობლემის იდენტიფიცირებაში მდგომარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღემდე არ ტარდება სისტემური კვლევევბი თუ როგორ აფასებენ სასკოლო განათლებაში არსებულ პრობლემებს მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები. როგორ ხედავენ ისინი პრობლემის მასშტაბას, რას ფიქრობენ მათ გადაჭრაზე და ა.შ.

ჩატარებული კვლევით დადგინდა 5 მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას დღეს ქართული სასკოლო განათლება.

1. საკლასო ოთახების მოცულობა – მასწავლებლების 97% თვლის, რომ მათ არ შეუძლიათ ასწავლონ იმ საკლასო ოთახებში, სადაც ერთად ზის 30 მოსწავლე. Class Size Matters-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე პროდუქტიული არის ის ,,საკლასო ოთახები” სადაც 15-17 მოსწავლე ზის. ეს აუცილებელი პირობაა, რათა პედაგოგის ყურადღება თანაბრად გადანაწილდეს ყველა მსმენელეზე და გაკვეთილი შედეგიანი იყოს. ამ მიზეზით, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას გამოყოფილი აქვს ბიუჯეტი საკლასო ოთახების გაზრდისთვის. (ვირჯინია, სამხ.კაროლინა) ეს ფაქტორი დადებითად აისახება ზოგადი განათლების ხარისხზე. საქართველოში კი, დღემდე არ გვაქვს მსგავსი ტიპის პროგრამა – ნათქვამია NEA Today– ს 2018 წლის მოხსენებაში.

2. სიღარიბე – საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობები ხშირად ყველაზე ნათლად სკოლაში იჩენს ხოლმე თავს. ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები თავს არიდებენ სასწავლო დაწესებულებაში სიარულს, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მატერიალურად დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს. ის, რომ სიღარიბე გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე ადასტურებს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შეფასებები. კვლევები (TIMSS; PISA) აჩვენებს, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსწავლეები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლაში მიღწევებით ქალაქში მცხოვრებ თანატოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. თუკი საერთაშორისო შეფასებებს დინამიკაში გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სოფლად მდებარე სკოლებთან მიმართებით არსებული ვითარება წლების განმავლობაში უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

3. ოჯახის ფაქტორი – ოჯახი ბავშვის ცხოვრებაში უმთავრეს როლს თამაშობს. ადამიანის განვითარებაზე, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაზე, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უდიდეს ზემოქმედებას მისი მშობლები ახდენენ. ბავშვების უმრავლესობას ოჯახში მატერიალური, ემოციური და მოუგვარებელი ინტერპერსონალური ურთიერთობების გამო გამოწვეული სტრესები აღენიშნებათ. ისინი გაუცხოვებას განიცდიან არა მარტო სკოლაში, ზოგადად სოციალურ გარემოში, მათ შორის საკუთარ ოჯახშიც.

4. ტექნოლოგიები – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, დღევანდელი საშუალო სკოლის მოსწავლეების 69%-ს მომავალში ისეთი პროფესია ექნება, რომელიც ჯერ არც არსებობს. რაც საგაკვეთილო პროცესებში მეტი ტექნოლოგიის გამოყენებას ნიშნავს.

საქართველოში ტექნოლოგიების გამოყენება სასკოლო განათლებაში კიდევ უფრო ვითარდება და მომავალში სოციალურ ქსელსაც კი დაემსგავსება, რომლითაც სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ. ყველა სკოლას ექნება თავისი სოციალური ქსელი, სადაც მოწვეული იქნებიან ბავშვები, ბავშვების მშობლები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია. ეს ადგილი ჩაანაცვლებს „დღიურებს“, აქ მოხდება დასწრების აღრიცხვა, დავალებების მიცემა-გაგზავნა-შემოწმება, ონლაინ ქვიზებისა და ტესტირებების ჩატარება და სხვა. ამავე სერვეზე შედგება ონლაინ-ტრანსლაციები გაკვეთილებიდან და ის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო სკოლაში ვერ მივიდნენ, პირდაპირ ეთერში დაესწრებიან გაკვეთილს, ან მოგვიანებით ნახავენ ჩანაწერს. ქსელს ექნება ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე აგებული სასკოლო ჩეტბოტი, რომელიც მოსწავლეებს დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.

5. პროფორიენტაცია – მოზარდის მიერ პროფესიის არჩევასა და მომავალი საქმიანობისათვის შესაფერისი ობიექტის მიგნებაში დიდი როლი აკისრია ოჯახსა და სკოლას. პროფესიაზე სწორად ორიენტირებული მოსწავლეები უნდა ერკვეოდნენ პროფესიებში, ზოგადად მაინც. ხოლო იმ პროფესიებზე, რომლებიც მათ ინტერესთა სფეროშია მოქცეული, საფუძვლიანი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, კარგად უნდა იცნობდნენ ამ პროფესიების „რომანტიკულ” და „არარომანტიკულ” მხარეებს. იცოდნენ, აქვს თუ არა მათ ამ პროფესიისათვის საჭირო მონაცემები, შინაგანი შესაძლებლობები. ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს თავის მიერ არჩეული პროფესიის სამივე პრინციპის დაცვა: „მინდა“, „საჭიროა“, „შემიძლია“. მაშინ მოსწავლის სწორი პროფესიული  ორიენტაციის ფორმირების საქმე მოგვარებული იქნება. ამიტომ, საჭიროა სკოლაში არსებობდეს სპეციალური კურსი, პროგრამა რომელიც მოზარდებს პროფესიის სწორად შერჩევაში დაეხმარება

დღესდღეობით სასკოლო განათლების სისტემის გაუმჯობესების ინიციატორი მეტწილად სახელმწიფოა. საზოგადოების როლი კი ამ პროცესში ბუნდოვანი და პასიურია. დარგის სპეციალისტების შეფასებით, დღემდე განათლების სისტემა სამინისტროს  ინიცირებული მოკლევადიანი ინიციატივების განხორციელებით შემოიფარგლება. საზოგადოებრივი ჯგუფების ინიციატივები კი „სახალხო“ არ არის და მისი განხილვა, ძირითადად, ვიწრო საზოგადოებრივ წრეებს არ სცდება. ამდენად, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება, რომელიც საზოგადოებრივ ინიციატივას დაეფუძნება, ჯერჯერობით არ გვაქვს. ამგვარ ინიციატივად შეიძლება მოვიაზროთ საზოგადოებისა და სკოლის თანამშრომლობა: სკოლის მზადყოფნა ითანამშრომლოს საზოგადოებასთან – მშობლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან ან საინიციატივო ჯგუფებთან – დადებითად აისახება მისსავე განვითარებაზე.

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი