რატომ არის პიროვნული განვითარება მნიშვნელოვანი

პიროვნული განვითარება არის პიროვნული ზრდისკენ ცნობიერი და გააზრებული სწრაფვა, რაც თვით–შემეცნების, ცოდნის გაღრმავებისა და პიროვნული უნარების განვითარების გზით მიიღწევა. ის ადამიანს შესაძლებლობას აძლევს  შეაფასოს საკუთარი უნარ-ჩვევები, დაისახოს მიზნები და იბრძოლოს მათ მისაღწევად.

პიროვნული განვითარებისთვის საჭიროა:

1.პიროვნული ხედვის ჩამოყალიბება

პიროვნული ხედვის ჩამოყალიბება, ანუ კონკრეტული მიზნის დასახვა, თუ სად გინდა იყო რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ და რატომ  – პიროვნული განვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია.

2. პიროვნული განვითარების დაგეგმვა

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტ, თუ სად გინდა იყო, შეგიძლია დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ უნდა მიაღწიო  დასახულ მიზანს. პიროვნული განვითარების გეგმის ჩამოწერა  აუცილებელი არ არის, თუმცა ეს უკანასკნელი დაგეგმვის პროცესს ბევრად უფრო რეალისტურს გახდის.  გეგმა შეიძლება მოიცავდეს მიზნებს და ქვემიზნებს ანუ იმ მოკლე, რეალისტურ ნაბიჯებს, რაც მთავარი მიზნის მისაღწევად გჭირდება. კარგია თუ დასახულ ამოცანებს დროის ჭრილშიც განიხილავ, აი, მაგალითად –  რა დრო გჭირდება კონკრეტული ქვემიზნის მისაღწევად?

3. პიროვნული განვითარების პროგრესის აღრიცხვა

აღრიცხვის წარმოება შესანიშნავი იდეაა, რათა უკეთ დაინახოთ საკუთარი პროგრესი. საკვანძო საკითხების ჩამოწერითა და კონტროლით, ადამიანთა უმეტესობა უფრო მარტივად ახდენს კონცენტრაციას ყველაზე მნიშვნელოვანზე, შესაძლებლობის გამოჩენისთანავე იწყებს მოქმედებას და წარმატებასაც, შესაბამისად, უფრო მალე აღწევს. აღრიცხული წინსვლა მოტივაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. ის გაძლევთ შემართებას, იაროთ წინ უკეთესი უნარ-ჩვევების განსავითარებლად.

პიროვნული განვითარების საბოლოო მიზანია, რომ ადამიანი იყოს თვით–რეალიზებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მან მიაღწიოს წარმატების სასურველ დონეს მისი ცხოვრების მენტალურ, ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და ფინანსურ სფეროში. პიროვნულ განვითარებას ხელს უწყობს: ტრენინგები, სემიმარები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, კონფერენციები, ოლიმპიადები, კითხვა, წერა, მენტორთან კონსულტაციები, კონკურსები, დებატები და ა.შ

პიროვნულ განვითარებას ყოველდღიური მუშაობა, დაგეგმვა და მოქმედება სჭირდება. მაგრამ, საბოლოო ღირებული პროდუქტისთვის ზოგჯერ გვჭირდება ,,პაუზის ღილაკი.” 

„პაუზის ღილაკი“, ყველა ადამიანს თანდაყოლილი აქვს, უბრალოდ, მისი სათანადოდ გამოყენება უნდა ვისწავლოთ. ცხოვრება ისე სწრაფად მიდის, რომ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ ყველა სტიმულზე, ანუ გამღიზიანებელზე. თუ ვისწავლით „პაუზის ღილაკზე“ დაჭერას, საკუთარი თავის კონტროლს და დავფიქრდებით იმაზე, თუ როგორ გვინდა, რომ ვუპასუხოთ, გაცილებით უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. სწორედ ამ შემთხვევაში შევძლებთ ემოციების გარდაქმნასაც.

რაც უფრო ხშირად და გონივრულად ვიყენებთ პაუზის ღილაკს, მით უფრო ნაკლებად ვნანობთ მიღებულ გადაწყვეტილებებს. თავდაპირველად, გვიწევს ამაზე ძალისხმევის დახარჯვა, საკუთარი თავის იძულება, რომ პაუზის ღილაკს დავაჭიროთ, მაგრამ თუ ამას ხშირად გავაკეთებთ, საბოლოო ჯამში, ის ჩვენს ჩვევად იქცევა და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ავტომატურად მოხდება.

„პაუზის ღილაკის“ გამოყენება გვეხმარება ეფექტურ კომუნიკაციაში, როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში, ორგანიზაციაში. 

პიროვნული განვითარება დაგეხმარებათ გააანალიზოთ, რისი კეთება გსურთ ცხოვრებაში. თქვენ უფრო მეტს გაიგებთ თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ. უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ, რა არის თქვენი ცხოვრებისეული ფასეულობები და რწმენები. ის, ასევე დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ უფრო ნათელი მიზნები და ამოცანები. განსაზღვროთ რა დაგეხმარებათ ამ მიზნების მიღწევაში. ასევე აღმოაჩინოთ, რომ გარკვეული გზები და მიმართულებები, რომელშიც ხედავდით თქვენს წარმატებას, სულაც არ არის თქვენი მიზნისკენ მიმავალი „ბილიკები“.
როცა გექნებათ ნათელი და რეალური ამოცანები, გექნებათ მეტი მოტივაცია და ენთუზიაზმი მათ მისაღწევად. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო პროდუქტიული იქნებით და გაგიჩნდებათ მოთხოვნილება, შეასრულოთ თქვენი ამოცანები ხარისხიანად და შედეგიანად. პიროვნული განვითარება საუკეთესო გზაა თქვენი კარიერული მიზნების მისაღწევად.

 

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი