რა შეიცვლება პანდემიის შემდეგ განათლების სისტემაში?

განათლების გაციფრულების პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ელექტრონულ სწავლებას უკვე ათეულობით წლის გამოცდილება აქვს, სისტემაც  საკმაოდ დახვეწილი და შედეგიანია. კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ კი, კიდევ უფრო აქტუალური გახადა ტექნოლოგიების საჭიროება განათლების პროცესში. კორონავირუსმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა, შექმნა სხვა სტანდარტები და მოთხოვნები, დასვა მნიშვნელოვანი კითხვები: როგორი იქნება განათლების მომავალი? რა შეიცვლება სწავლების მეთოდებში? როგორი იქნება მომავალი სტუდენტი, მასწავლებელი და მოსწავლე? 

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი ჯერ უცნობია. მაგრამ, უკვე საკმაოდ ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება განათლება პანდემიის შემდეგ. ექსპერტები და განათლების მკვლევარები ფიქრობენ, რომ პირველი მთავარი გამოწვევა, რომელიც მომავალ განათლების სისტემას ექნება არის – კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება.

რომელია ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში მოსახლეობის მიხედვით? ამ კითხვაზე გუგლი ,,სხაპასხუპით” გიპასუხებს. მაშინ რატომ უნდა ფასდებოდეს ადამიანი იმავე კრიტერიუმით? ან რა კონკურენცია შეუძლია გაუწიოს მან ტექნოლოგიებს? იმის გამო, რომ ასეთ ფაქტობრივ ინფორმაციაზე წვდომა ყველას გვაქვს, მხოლოდ მსგავსი ცოდნის ადამიანი ახალს ვერაფერს იტყვის და შექმნის, თუ ეს ცოდნა რამესთან არ დააკავშირა, გააანალიზა, ასოციაცია არ გაუჩნდა და ა.შ. ამიტომ, საჭიროა მომავალმა განათლების სისტემამ მოსწავლეებს მისცეს კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობის შესაძლებლობა. ასწავლოს შემოქმედებითი აზროვნება, რაც გამოარჩევს ადამიანის უნარებს ტექნოლოგიების უნარებისგან.

„ნიჭიერი ადამიანები თამაშებს იგებენ, მაგრამ გუნდები – ჩემპიონატებს.“ ეს ,,მომავლის ფრაზაა”. მომავალში განათლების ერთ-ერთი მიზანი ბავშვებში გუნდური მუშაობის უნარების განვითარება იქნება. ამ იდეას გუგლშიც იზიარებენ და ქმნიან კიდეც შესაბამის პროდუქტებს, როგორებიცაა G Suite for Education, Google Classroom, Jamboard და ა.შ. გუგლის საგანმანათლებლო აპლიკაციების პროდუქტების მენეჯერი ჯონათან როჩელი ამბობს: ,,სკოლა 50 წელში ის ადგილი იქნება, სადაც ბავშვები ისწავლიან კოლაბორაციასა და იდეების გაზიარებას.” მისივე თქმით, აუცილებელია ბავშვებმა ისწავლონ ერთმანეთთან ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა და გაზიარება. იმისათვის, რომ გუნდური მუშაობა უფრო მარტივად შეძლონ მოსწავლეებმა, ბრიტანელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძალიან მალე კლასები ინტერესებისა და უნარების მიხედვით შეიქმნება და არა აუცილებლად ასაკის.

გაიხსენეთ გამოცდების პერიოდი. როგორ ნერვიულობდით თითოეულ საგანზე, უყურებდით საათს, ღელავდით ქულაზე, რას მიიღებდით, რას ეტყოდით მშობელს და ა.შ გამოცდების პერიოდი თითქმის ყველასთვის დიდ ნერვიულობასთან ასოცირდება. მაგრამ, როგორი იქნება მომავლის განათლება გამოცდების მხრივ? საერთოდ, თუ გიფიქრიათ რატომ აბარებთ გამოცდებს? რა მოწმდება ამით? გადაგიჭრიათ კონკრეტული პრობლემა გამოცდით? გაძლევთ გაზომვად შედეგს? განათლების ექსპერტები ფიქრობენ, რომ სტუდენტების შეფასების მთავარი კრიტერიუმები კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი იქნება და არა ცალკეული ფაქტების ცოდნა. მაგალითად: ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მოამზადებენ ნიუსს, სიუჟეტს, ისაუბრებენ კონკრეტულ პრობლემაზე და საზოგადოებას მისი გადაჭრის გზებს აჩვენებენ; ფილოლოგებს კითხავენ, რას ნიშნავს მათთვის კონკრეტული ლექსი ან ნაწარმოები; ტესტებს ჩაანაცვლებს პრაქტიკული პრეზენტაციები და კვლევითი პროექტები.

ბუნებრივია, განათლების სისტემაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები წარმოუდგენელია მასწავლებლის თუ ლექტორის გარეშე. მათ მოუწევთ აითვისონ და იმეგობრონ თანამედროვე ტექნოლოგიებთან.

საქართველოში პანდემიური პროცესები გრძელვადიან პერპსპექტივაში საკმაოდ კარგ შედეგს მოიტანს განათლებაში ტექნოლოგიების ადაპტირების კუთხით. დააჩქარებს ინტერნეტიზაციის პროცესს რეგიონებში. სასკოლო დონეზე გაზრდის მშობლების ჩართულობას შვილების განათლების პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ მასწავლებლების გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, რათა ციფრულ სამყაროში უკეთ ადაპტირდნენ რეალობასთან.

 

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი