(ვიდეო) როგორ გადავარჩინო ჩემი კარიერა?

კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში პროფესიულ და კარიერულ საქმიანობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური საკითხები და გადაჭრის გზები

ბოლო პერიოდში სამყაროში ცვლილებები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ადამიანების უმეტესობას საკმაოდ უჭირს, რომ ამ ცვლილებებს აყვნენ. ის მეთოდები, ცოდნა და კომპეტენციები, რომლებიც წლების წინ ეფექტური იყო, დღეს აღარ მუშაობს. კრიზისები ყოველთვის იყო, არის და იქნება. მოდით განვიხილოთ რატომ ხდება კრიზისები ჩვენს ცხოვრებაში და რისი გამოტანა შეგვიძლია ჩვენ აქედან. დავიწყოთ იმით, რომ ამ სამყაროში ზოგჯერ ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც გარეშე ფაქტორებით არის გამოწვეული და ჩვენს კონტროლს მიღმაა. ე.ი. ხდება მოვლენები, რომლების არც გამოწვევა და არც მართვა ჩვენ არ შეგვიძლია. ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ინდივიდმა ცვლილებებთან ადაპტაცია შეძლოს. პირველი – მიიღოს ის მოცემულობა, რომლის შეცვლაც მას არ შეუძლია და თუ შეცვლა შეუძლია და უნდა კიდეც – შეცვალოს… მეორე – ადაპტირდეს არსებულ გარემოსთან, ანუ შეძლოს, ამ ცვლილებების ფონზე, საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ეფექტურად, სოციალურად მისაღები ფორმით.

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა კრიზისის პერიოდში მოახერხოს შინაგანი ბალანსის დაცვა და იპოვოს საკუთარ თავში ძალები პიროვნული განვითარებისთვის. მოდით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ წარმატებულ, რეალიზებულ პიროვნებას განსაზღვრავს ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვა. ამ კუთხითაც შეხედეთ თქვენს მდგომარეობას – შეიძლება ფინანსური პრობლემები გაქვთ, სამსახური დაკარგეთ, მომავალთან დაკავშირებით გიჭირს გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ არ იცით ხვალ რა იქნება… მომავალი, როგორც ასეთი, არ არსებობს. არის მხოლოდ ჩვენი რწმენები და წარმოდგენები მომავალთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენი ქცევების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. ამიტომ, თუ თქვენს მომავალთან დაკავშირებით, ოდნავ მაინც პოზიტიურად ხართ განწყობილი, თვითიზოლაციის მდგომარეობა ჩათვალეთ ცხოვრების საჩუქარია, იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ რა გინდათ სინამდვილეში. გულწრფელად გულში უპასუხეთ კითხვას, მატერიალური კეთილდღეობა საჭირო რომ არ იყოს, გააკეთებდით თუ არა იგივე საქმეს, რასაც აქამდე აკეთებდით. გიყვართ და გენატრებათ თქვენი სამუშაო? მარტივ ინდიკატორს გეტყვით, თუ თქვენი სპეციალობა მართლა გიყვართ, ამ პერიოდშიც კი, როცა არავინ გაიძულებთ, ნებაყოფლობით აგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას და განვითარებას. თუ ამას არ აკეთებთ, შესაძლოა ეს სიგნალი იყოს, რომ რამე სხვაზე უნდა დაფიქრდეთ. კარიერის შეცვლა არასდროს არ არის გვიან. კარიერა გულისხმობს ინდივიდის პროფესიული საქმიანობების ერთობლიობას მთელი სიცოცხლის მანძილზე. კარიერა არ არის მხოლოდ ერთი სპეციალობა, იგი უფრო მეტად კომპლექსურია.

კორონა ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ დღეს, ასეთ ცვალებად სამყაროში, წარმატებას აღწევენ კომპლექსური კომპეტენციების (უნარების, ცოდნის და დამოკიდებულებების) მქონე ადამიანები. განსაკუთრებით ისინი, ვისაც კარგად გავითარებული ადაპტაციური, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები აქვთ. არიან ადამიანები, რომლებმაც განსაზღვრეს დღეს საზოგადოებაში გაჩენილი კონკრეტული საჭიროება, დაინახეს პრობლემა და შეიმუშავეს მისი გადაჭრის გზები. ზოგმა პირბადეების დამზადება და რეალიზაცია დაიწყო, ზოგმაც დეზინფექციების ჩატარება. აქ მთავარი ის არის, რომ ადამიანებმა შეძლეს გარემოსთან სწრაფად ადაპტაცია და ცდილობენ არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების პრობლემების გადაჭრას.

რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ადრე სხვა მეთოდები, ცოდნა და კომპეტენციები იყო ეფექტური. დაახლოებით 20 წლის უკან ახალგაზრდებისთვის ბევრად შეზღუდული იყო პროფესიული არჩევანი. ალტერნატივების შეზღუდვა კი ხშირად ამარტივებს არჩევანს. ადრე სამყაროში წარმატებას უფრო მარტივად აღწევდნენ ადამიანები, რომლებსაც რომელიმე სფეროს შესახებ კონკრეტული ცოდნა და დიპლომი ან სერტიფიკატი გააჩნდათ ან, სხვა შემთხვევაში, ნაცნობობით მაინც ისინი ახერხებდნენ დასაქმებას… დღეს დიპლომირებული სპეციალისტების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა, შესაბამისად მხოლოდ რაიმეს ცოდნა და დიპლომის ქონა წარმატებისთვის საკმარისი აღარ არის. დღევანდელი სამყარო ადამიანისგან გაცილებით მეტს მოითხოვს და სამწუხაროდ მხოლოდ ფორმალური განათლების მიღების გზით შეუძლებელია წარმატებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება.

კორონა ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა უამრავ სფეროს, მათ შორის საგანმანათლებლოს ცვლილებებისკენ უბიძგა. დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსება. ენის ცოდნის, გაჯეტთან და ინტერნეტთან წვდომის შემთხვევაში, საქართველოდანვე ახალგაზრდები შეძლებენ რომ განათლება მსოფლიოს წამყვანი პროფესორებისგან, ყველაზე პრესტიჟული სკოლებისგან და უნივერსიტეტებისგან დისტანციურად მიიღონ. ეს ფაქტორი განათლების მიღების კუთხით თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ელექტრონულ რესურსებზე წვდომა გაცილებით ნაკლებ ხარჯებსაც დაუკავშირდება და მალე სწავლების ეს მეთოდი იმდენად დაიხვეწება, რომ ჩვეულებრივზე ეფექტურიც კი იქნება.

თანამედროვე სამყაროში თქვენ უნდა იზრუნოთ დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენციის განვითარებაზე. დამოუკიდებლად სწავლის უნარი გულისხმობს თქვენი მიზნებიდან გამომდინარე საკუთარი სწავლის ორგანიზებას, რეგულირებას, დროის და და ინფორმაციის ეფექტურად განაწილების და მართვის უნარს და ამასთან, აუცილებელია, შეგეძლოთ საკუთარი თავის მოტივირება, იაზრებდეთ, რა პოზიტიურ შედეგებამდე მიგიყვანთ მუდმივი სწავლა და განვითარება. მანამდე, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით მშობლიური ენის სრულყოფილად ფლობას, წერა-კითხვას და ასევე, რომ კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ენის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას. თქვენ უნდა შეგეძლოთ კონცეფციების, გრძნობების, ფაქტების და შეხედულებების იდენტიფიცირება, გაგება, შექმნა და გამოხატვა როგორც ზეპირი, ასევე აუდიო და ციფრული მასალის გამოყენებით. შესაბამისად სწავლისთვის შეგეძლოთ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. ეს ძალიან შეუწყობს ხელს კომუნიკაციას, კრეატიულობას, ინოვაციებს და მოგვცემს შეუზღუდავ შესაძლებლობებს. გამოიყენეთ ეს პერიოდი ამ კომპეტენციების განვითარებისთვის – ისწავლეთ, გაიღრმავეთ ცოდნა უცხო ენაში, რომელიმე თქვენთვის საინტერესო სფეროში, ისწავლეთ კომპიუტერული პროგრამების გამოყენება, მონაცემთა ანალიზი და ა.შ.

სამეწარმეო კომპეტენცია – რომელიც დაგეხმარებათ იდეები, უნარები, შესაძლებლობები იმგვარად განავითაროთ, რომ მათგან მეტი სარგებელი მიიღოთ. ამისთვის გჭირდებათ დაგეგმვა, ორგანიზება, შეფასება, ინიციატივის გამოჩენა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

აქამდე განსაკუთრებით დროის მართვის და თვითგამორკვევის ლექციებზე ხშირად ვამბობდი, რომ ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, გვიჭირს სწორად განვსაზღვროთ პრიორიტებები, გავაანალიზოთ, რა გვჭირდება სინამდვილეში, რა არის ჩვენი მიზნები, მართლა ჩვენია, თუ საზოგადოების მიერ მოწებებული, რა გვსურს და ვინ ვართ, რამდენად ვუახლოვდებით ჩვენი დღევანდელობით მე იდეალს… მგონი ცხოვრებამ თავისით გვაიძულა, დადგა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და დიალოგის დრო. სწორად შეაფასეთ ღირებულებები. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, რა არის საქმე, რომლის არგაკეთებასაც ვინანებდი დღეს რომ მე მძიმე სენით დაავადებული ვიყო? ალბათ ახლა გგონიათ, რომ ასეთი საქმე უამრავია, მაგრამ როცა მათ ფურცელზე ჩამოთვლას დაიწყებთ, მიხვდებით რომ მათი რაოდენობა არც ისე ბევრია.

ვეცადე თქვენთვის ნათლად დამენახებინა კარიერული განვითარების საჭიროება განსაკუთრებით ამ კრიზისულ პერიოდში. მესმის, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დგას ამ გამოწვევების წინაშე. შრომის ბაზარზე მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილია, სამუშაოს ძებნის ტრადიციული მეთოდები უკვე არაეფექტურია. „კარიერული განვითარების ცენტრი“ შეუწყვეტლად აგრძელებს ადამიანების მხარდაჭერას მათი კარიერული განვითარების, პროფესიული ორიენტაციის, დასაქმების უზრუნველყოფის მიმართულებით. ტარდება ონლაინ გასაუბრებები, ტესტირება, შემდეგ კი – საქართველოში წამყვანი კომპანიების მიმდინარე ვაკანსიებთან შესაბამისობის დადგენა და დასაქმებაში მხარდაჭერა არამხოლოდ კრიზისის პერიოდში, არამედ პანდემიის შემდეგაც. გთხოვთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია თქვენს ნაცნობებს, რომლებიც ახლა კარიერულ კრიზისს განიცდიან და ესაჭიროებათ მხარდაჭერა.

კარიერა რეალურად ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გისურვებთ თვითრეალიზებას და რაც მთავარია ჯანმრთელობას.

 

მერი ტარიელაშვილი

ფსიქოლოგი, კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტი