როგორ ავაშენო პერსონალური ბრენდი ?

„ბრენდის აშენება ხდება იმის მიხედვით, თუ რას ამბობენ გარშემომყოფები თქვენზე და არა იმის მიხედვით, თუ რას ამბობთ თქვენ საკუთარ თავზე“ გაი ტაკეო კავასაკი (ამერიკელი მარკეტინგის სპეციალისტი)

ყველა ადამიანი არის ბრენდი. თუმცა ადამიანთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბრენდის შექმნა რთული პროცესია, ამიტომ მიზნის მისაღწევად არაფერს აკეთებს და უბრალოდ ნებდებდება.
თავდაპირველად, ბრენდის კონცეფცია მსხვილ კომპანიებთან იყო დაკავშირებული. ბრენდული პროდუქცია კი, ჩვენში მხოლოდ ძვირადღირებულ და ხარისხიან პროდუქტთან ასოცირდება. მაგრამ საინტერესოა, შეუძლია თუ არა ადამიანს, რომ თავად იყოს საკუთარი თავის ბრენდი?

ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ საერთაშორისო შრომის ბაზარზე დღითიდღე იზრდება პერსონალური ბრენდინგის პოპულარობა და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმიჯს და სწორ პოზიციონირებას. ამიტომ, საჭიროა, სწორი მოქმედებები, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა, რათა იყოთ უკონკურენტო საკუთარ ნიშაში.

პირველი ნაბიჯი პერსონალური ბრენდინგის შესაქმნელად არის საკუთარი „მეს“ განსაზღვრა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვინ ვარ მე? ვინ უნდა იცოდეს ჩემს შესახებ? რა მხდის ძლიერს? რა გამომდის ყველაზე კარგად? რით ვარ გამორჩეული? რა მიღწევები მაქვს? თავდაჯერებული ვარ? რისი მეშინია? რა არის ჩემი სისუსტე? რა სარგებლის მოტანა შემიძლია? აიღე ფურცელი და კალამი, ჩამოწერე კითხვებზე პასუხები, გადაიკითხე რამდენჯერმე. ამის შემდეგ, ორიენტირდი მხოლოდ წარმატებულ შედეგებსა და მიღწევებზე. დაუკარი ტაში საკუთარ თავს და შეხედე მას, როგორც პერსონალურ ბრენდს. შემდეგ, განსაზღვრე შენი მიზანი, რას გინდა მიაღწიო? ადამიანებს ყველაზე ხშირად აქვთ იმის პრობლემა, რომ არ იციან, რა უნდათ სინამდვილეში. მათ უჭირთ გარკვევა, სად მიდიან, როგორ მართონ საკუთარი ცხოვრება და რას უნდა მიაღწიონ მომავალში. მიზნის განსაზღვრა პერსონალური ბრენდის შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რადგან საკუთარ მიზნებს მიყავხართ გამარჯვებამდე და წარმატების უმაღლეს მწვერვალამდე.

მიზნის განსაზღვრის შემდეგ, დაიწყე საკუთარი იმიჯის მართვა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო გამოყენებადი და პოპულარული გახდა სოციალური ქსელები, ამიტომ არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ისარგებლეთ სოციალურ ქსელების ,,სიკეთით“. ნებისმიერი თქვენი აქტივობა სოციალურ ქსელებში მეტყველებს თქვენზე. ამიტომ, ეცადეთ თქვენი პროფილი ისე იყოს მოწესრიგებული, რომ თქვენს პროფილზე გადმოსვლით, უკვე მომხმარებელმა დაინახოს ვინ ხართ, რას აკეთებთ, რატომ უნდა მოგმართონ თქვენ, რა სარგებელს მოუტანთ.

ასევე, შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ბლოგი, სადაც განათავსებთ თქვენ მიერ მომზადებულ მასალებს, კვლევებს, სიუჟეტებს, ფოტოებს და ა.შ ყველაფერ იმას, რაც გინდათ რომ გაუზიაროთ აუდიტორიას. გახადეთ ინფორმაცია ხელმისაწვდომი სამიზნე აუდიტორიისთვის-პოტენციური მომხმარებლებისთვის. ეს შეიძლება იყოს თქვენი სხვადასხვა კონტაქტის წერტილი სამყაროსთან: ფოტოები, დიპლომები, სერთიფიკატები, CV, ბიოგრაფია… ყველაფერი, რაც თქვენი ბრენდის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

განათავსეთ ვიდეოები და სიუჟეტები youtube.com-ზე და იცით რატომ? ეს მეთოდი კარგად მუშაობს, რადგან ადამიანები დანახულს უფრო იმახსოვრებენ. ეს არაერთმა კვლევამ დაადასტურა. ამასთანავე, youtube არის მე-4 ყველაზე პოპულარული საიტი მსოფლიოში. ერთდროულად მილიონობით ადამიანს შეუძლია იცოდეს თქვენზე. იმის გამო, რომ სწრაფად ვრცელდება ასეთი ტიპის საიტებზე ატვირთული ვიდეოები, ეს ხელს უწყობს თქვენი ბრენდის ცნობადობის ზრდას.

მუდმივად იზრუნეთ ნეთვორქინგზე – გქონდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა და კონტაქტი, რომელიც უკვე გამოცდილია. ეს მეთოდი დაგეხმარებათ სწორ პოზიციონირებაში.

პერსონალური ბრენდის გააქტიურება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პიროვნულ განვითარებას. საკუთარ თავთან მუშაობას, სრულყოფილებისკენ სწრაფვასა და თავდაუზოგავ შრომას. ხშირად მიიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის საჯარო გამოსვლაში, კონფერენციაში, ტრენინგში, სემინარსა და ღონისძიებაში, რადგან პირადი კონტაქტი აუდიტორიასთან ხელს უწყობს თქვენი სანდოობის განმტკიცებას, თქვენს ბრენდს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

პერსონალური ბრენდის შექმისთვის აუცილებელია დროის მართვა შეგეძლოთ. დრო თანამედროვე სამყაროში ყველაზე ძვირადღირებული რესურსია. მისი სწორი გამოყენება წარმატების წინაპირობაა. როცა საკუთარი თავის ,,დაბრენდვას” ცდილობთ, კარგად უნდა გესმოდეთ ,,30 წამის წესი”. ლიფტშიც რომ შეხვდეთ დამსაქმებელს 30 წამში უნდა შეგეძლოთ თვითპრეზენტაცია, ახსნათ რას აკეთებთ და რა შედეგები გაქვთ.

ტექნოლოგიურმა რევოლუციამ შეცვალა კარიერული განვითარების სტრუქტურა. თქვენ მუშაობთ ერთი ან ორი კომპანიისთვის განსაზღვრულ საათებს და ძალიან ხშირად განსაზღვრულზე ბევრად მეტ საათს – ეს არის მთელი თქვენი კვირა. ციფრულ ეპოქაში შრომითი ბაზრის მოთხოვნებიც შეიცვალა და გაიზარდა კონკურენციაც. დღეს უკვე ადამიანებს არ აქვთ დასაქმების გარანტია, სწორედ ამიტომ გჭირდებათ შექმნათ საკუთარი თავისგან ბრენდი, რათა თავად მართოთ თქვენი ცხოვრება, სწორად განსაზღვროთ სამომავლო პერსპექტივები და უპასუხოთ ბაზრის გამოწვევებს. დღეს, პერსონალური ბრენდი აუცილებელი და ეფექტური ინსტრუმენტია თქვენი კარიერული განვითარებისთვის. შექმენით თქვენი ბრენდი და ნუ გადადებთ ამას ხვალისთვის, დაიწყეთ დღესვე. აი ახლა! სწორედ ამ წუთიდან!

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი,
ჟურნალისტი