როგორ ვიპოვოთ სამსახური გამოცდილების გარეშე

ნინო შელიმ 8 კომპანიაში გააგზავნა რეზიუმე და 7 კომპანიამ სამსახური შესთავაზა. ის,კარიერული განვითარების ცენტრში დასაქმების კურსს გადიოდა. ახლა, თავისუფალ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა. უყვარს როკმუსიკა, ფილმების ყურება და ლიტერატურა. დაინტერესებულია ბერძნული მითოლოგიით. ხშირად ესწრება ტრენინგებს, მასტეკლასებს, ვორქშოფებსა და ვებინარებს.

„დასახული მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მუდმივი მოძრაობა“ – ამბობს ნინო.

– ნინო, რა არის თქვენთვის წარმატება?
– წარმატება ინდივიდუალური ცნებაა. ჩემთვის წარმატება ადამიანობასა და მუდმივ თვითგანვითარებასთან ასოცირდება. ის აუცილებლად მოიცავს ბედნიერებას. წარმატებამ აუცილებლად უნდა მოიტანოს ბედნიერება. ყველაზე წარმატებული ის კი არაა, ვინც ძალიან მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს, არამედ ის, ვინც თვითგანვითარების ურთულეს გზას გადის, არასდროს ნებდება, ბევრი მარცხის მიუხედავად ფეხზე დგება და ამ ყველაფერში ბედნიერებას ხედავს. თუმცა მაინც არ არსებობს იმაზე მეტი წარმატება, როდესაც ამ ცხოვრებაში ღირსეულ კვალს ტოვებ.

– როგორ სამსახურზე ოცნებობთ?
– არ ვოცნებობ, მიზნებს ვისახავ და ჩემი მიზანია მქონდეს საკუთარი იურიდიული კომპანია, რომელიც სხვადასხვა იურიდიულ დახმარებას გაუწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, დავიცვა ქალლთა და ბავშვთა უფლებები.

– რატომ გადაწყვიტეთ კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლა და „დასაქმების კურსის“ გავლა?
– რაც არ უნდა გასაკვირი და სასაცილო იყოს, კარიერული განვითარების ცენტრში და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ერთ დღესაც,სოციალურ ქსელში “სქროლვისას” გადავაწყდი სარეგისტრაციო ფორმას კარიერული განვითარების ცენტრის ერთ-ერთ მასტერკლასზე და ვიფიქრე, რატომაც არა, დავესწრები, რაღაც ახალს ხომ ვისწავლი… მასტერკლასს დავესწარი და ბოლოს,გამოცხადდა კონკურსი, სადაც გამარჯვების იმედი ნამდვილად არ მქონდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი „ჩაწყობით“ ხდებოდა. კონკურსზე მაინც მივიღე მონაწილეობა და ის იღბლიანი გამარჯვებული, რომელმაც სრულიად უფასოდ გაიარა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, აღმოვჩნდი მე. ასე გავიცანი კარიერული განვითარების ცენტრი.

– რა მოლოდინები გქონდათ?
– კურსის დაწყებამდე, ვფიქრობდი, რომ ეს პროგრამა დამანახებდა იმ შეცდომებს, რასაც ხშირად ვუშვებთ სამსახურის ძებნის პროცესში, დამანახებდა საკუთარ სუსტსა და ძლიერ მხარეებს, გავიუმჯობესებდი თვითშეასებას.

– როგორ მიმდინარეობდა კარიერული კონსულტაციის პროცესი?
– პანდემიის პირობებში, რა თქმა უნდა ონლაინ მიმდინარეობდა. ტრენინგები გვქონდა სხვადასხვა თემაზე, იყო ინდივიდუალური კონსულტაციებიც, შევხვდით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის დამსაქმებელსაც. პანდემიის მძიმე პირობებში, ნამდვილად არ მეგონა ასე ეფექტიანად თუ შეიძლებიდა რომელიმე პროგრამა წარმართულიყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ცენტრის თითოული თანამშრომელი დაუღალავად შრომობდა, იმისთვის, რომ ყველაფერი უხარვეზოდ ჩატარებულიყო.

– რა შედეგები მოგცათ დასაქმების კურსის გავლამ და კარიერულმა კონსულტაციებმა?
– კურსის გავლის შემდეგ, ზუსტად 8 სხვადასხვა კომპანიაში გავაგზავნე ჩემი დოკუმენტაცია. 7 კომპანია დოკუმენტაციის გაგზავნიდან მეორე დღესვე დამიკავშირდა. აქედან, მხოლოდ ორ კომპანიაში ვიყავი გასაუბრებაზე, დანარჩენებთან, ტელეფონით გასაუბრების შემდეგ, უბრალოდ მიუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის მათი პირობები, რადგან სრულგანაკვეთიამი სამუშაო იყო. გასაუბრების შემდეგ, ნახევარგანაკვეთიან სამუშაოზე ორ კომპანიიდან დადებითი პასუხი მომივიდა. ორივე მათგანმა ამიყვანა საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე. თუმცა ამ ეტაპზე, რადგან გავხდი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ვარჩიე მეტი დრო სწავლას დავუთმო, ამიტომ სამწუხაროდ, უარის თქმა მომიწია ორივე კომპანიისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროგრამაზე მიღებული ცოდნის შედეგები რამდენიმე წელიწადშუ უფრო ნათელი გახდება.

– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კურსს ადამიანებისთვის, რაში ეხმარება?
– ეს კურსი, ადამიანებს პირველ რიგში, ანახებს, რომ თითოეულ ჩვენგანშია პოტენციალი. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს წარმატებული და კონკურენტუნარიანი. ეს კურსი, ადამიანის მომავალს ცვლის, უკეთესობისკენ. მათ მოტივაციას აძლევს, ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში და კონკურენტუნარიან მოქალაქედ აყალიბებს.

– თქვენი აზრით,რატომ სჭირდება ადამიანებს კარიერული კონსულტაციის გავლა?
– ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც სურს იყოს წარმატებული, აუცილებლად უნდა გაიაროს ეს პროგრამა, რადგან სწორად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და გადადგას მტკიცე ნაბიჯები მიზნების მიღწევისა და კარიერული განვითარების გზაზე, რაც ვფიქრობ, ჩვენი ეპოქის საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, დამეთანხმებით, კონკურენცია ყველგან ძალიან დიდია.

– ნინო,თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– მომავალში საზღვარგარეთ ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას, თუმცა აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, დავაარსებ საკუთარ იურიდიულ კომპანიას და ვიზრუნებ, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე.

რუბრიკის ავტორი:

ეთო ბიქოშვილი,
ჟურნალისტი