ყოველდღე ახალი პაზლის აწყობის პროცესში ვარ

„მიზნების ზუსტად განსაზღვრა საინტერესო და წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა. ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ჩვენი მიზნების გარშემო ტრიალებს − მომავალთან დაკავშირებული გეგმა იქნება ეს თუ იმედი და ხედვა, ყველაფერი, რაც კი რამ გვსურს. მიზნის დასახვამდე კი, აუცილებელია საკუთარ თავს ვკითხოთ: როგორი ცხოვრება გსურთ და შეესაბამება თუ არა ჩვენს ხედვას ეს მიზანი“ – ამბობს მარიტა სიხაშვილი. ის ფარმაცევტული კომპანია „ინოთიმის“ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია.

– მარიტა, რა არის თქვენთვის წარმატება?

-წარმატება გემოვნებას ჰგავს, ამბობენ არ დავობენო, მაგრამ  წარმატების საკითხზე ყველაზე ხშირად დავობენ. ჩემთვის წარმატება საყვარელი საქმის კეთებაა.

– როგორ დღეზე იტყოდი „რა შესანიშნავი დღეა?“

– როდესაც ჩემი შრომის შედეგს ვხედავ.

– რატომ გადაწყვიტეთ კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლა და „თავდაჯერებულობის კურსის“ გავლა?

-თავდაჯერებულობის პრობლემა ხელს მიშლიდა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე  გამოვლენაში. მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ინიციატივის გამოჩენა.  მუდამ დამოკიდებული ვიყავი სხვის აზრზე. მაინტერესებდა, რას იტყოდნენ ან იფიქრებდნენ ჩემზე. ამის გამო, ვცდილობდი სოციალურად სასურველი ვყოფილიყავი და საკუთარ თავს ,,ექსპლუატაციას” ვუწევდი. მუდმივად ვშრომობდი. სხვების საქმეებსაც მე ვაკეთებდი. ჩემთვის საკუთარი ცხოვრება არ არსებობდა. მაგრამ, ერთ დღეს მივხვდი, რომ ესე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლებოდა. მინდოდა ჩემი ცხოვრება ყოფილიყო მხოლოდ ჩემი.

– რა მოლოდინები გქონდათ?

-პირველ რიგში, მოველოდი რომ აზროვნება შემეცვლებოდა, გავიზრდებოდი და ვისწავლიდი, რომ საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. რისი მოლოდინიც გაამართლა ამ კურსმა. ძალიან ბევრ რამეზე შეხედულება შემეცვალა. აღარ ვარ სხვებისთვის  ისეთი ,,მოსახერხებელი” ადამიანი, როგორიც ვიყავი. მაქვს საკუთარი მიზნები და ოცნებები, რომლებზეც არავის გამო უარს არ ვიტყვი.

– როგორ მიმდინარეობდა სწავლების პროცესი?

-ვინაიდან, ვმუშაობ და თან რამდენიმე ადგილას ვსწავლობ, მუდმივად დროის პრობლემა მაქვს. ამ ვიდეოებს მაშინ ვუყურებდი, როდესაც დღის მანძილზე დასასვენებლად მცირე დროს გამოვყოფდი ხოლმე, ან როდესაც ყველაფრისგან ვიღლებოდი. ეს ვიდეოები მეხმარებოდა მოტივაციის შენარჩუნებასა და ენერგიის  აღდგენაში. ძალიან პროდუქტიული იყო სწავლა. მე მივიღე სხვა მარიტა.

– რა შედეგები მოგცათ თავდაჯერებულობის კურსის გავლამ?

-პირველ რიგში, აზროვნების სტილი და დამოკიდებულება შემეცვალა ადამიანების მიმართ. საკუთარ მიზნებზე უკეთესად ვკონცენტრირდი. დავისახე გეგმა, რომელსაც უნდა მივაღწიო. არ მაინტერესებს სხვების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ის, თუ მე რატომ ვსწავლობ ან ვაკეთებ ამდენს, საბოლოო ჯამში, გამოიღებს იმ შედეგს, რომელსაც არავინ არ მოელის ჩემთან დაკავშირებით. ვისწავლე, რომ შიშები მხოლოდ ჩვენს გონებაშია და თვალებში უნდა ჩახედო მას. ვიდეოგაკვეთილებმა მასწავლა, რომ თუ არ მუშაობს გეგმა „ა“ ანბანში კიდევ 32 ასოა. ეს ჩემი ცხოვრების დევიზი გახდა.

– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კურსს ადამიანებისთვის, რაში ეხმარება?

-პირველ რიგში, ეს კურსი ადამიანებს დაეხმარება ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. ის, რაც მათ აქამდე მიუღწეველი და შეუძლებელი ეჩვენებოდათ, სწორედ იმის გაკეთებას შეძლებენ. ძალიან ბევრ მცდარ წარმოდგენას გადალახავენ საკუთარი თავის მიმართ. აღმოაჩენენ იმ უნარებს, რაც მანამდე ეგონათ, რომ არ გააჩნდათ.

– თქვენ უკვე დაასრულეთ კურსი. თუ გიფიქრიათ იმაზე, ამის შემდეგ თქვენი მიზანი და შესაძლებლობები როგორ დაბალანსდება?

-კი, მიფიქრია. მაქვს საკუთარი მიზნები. ვიდეოგაკვეთილების შედეგად უკვე მკაცრად მაქვს გაწერილი გეგმა, რომელიც უნდა შევასრულო ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად.  პუნქტობრივად მაქვს ჩამოწერილი,  რისი შესწავლა დამჭირდება იმისთვის, რათა მივაღწიო ჩემს საბოლოო მიზანს.

 – მარიტა, თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-სამომავლო პერსპექტივაში განვიხილავ ტრენერობას და საკუთარი ბიზნესის ქონას. ყოველდღე ახალი პაზლის აწყობის პროცესში ვარ.  ვმუშაობ პერსონალურ განვითარებაზე და მჯერა, ჩემს ყველა გეგმას განვახორციელებ.

 

 

რუბრიკის ავტორი:

ეთო ბიქოშვილი,

ჟურნალისტი