10 ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ადამიანები დასაქმებისას აწყდებიან

საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ სირთულეს უმუშევრობის პრობლემა ისედაც წარმოადგენდა, მაგრამ Covid-19-ის პანდემიის პირობებში შრომის ბაზარზე სურათი საგრძნობლად შეიცვალა. ეკონომისტების შეფასებით, ბიზნესის 25% გაქრება. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა უმუშევრობის რიცხვს საგრძნობლად გაზრდის და სხვადასხვა კატეგორიის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნის მაჩვენებელიც შეიცვლება.

გასული კვირის განმავლობაში სატელეფონო მეთოდით 485 ადამიანი გამოვკითხეთ დასაქმების სირთულეებთან დაკავშირებით და შევადგინეთ დასაქმების ყველაზე გავრცელებული პრობლემების რეიტინგი:

  1. გამოცდილება

ალბათ რეიტინგში პირველ ადგილას სხვა სირთულის დანახვა უფრო გაგვიკვირდებოდა, რადგან ფაქტი, რომ ადამიანებს გამოცდილების გარეშე ღირსეული სამსახურის პოვნა უჭირთ, ყველასთვის კარგად ნაცნობია. ამას ისიც დავუმატოთ, რომ ხშირად დამსაქმებლები 18-20 წლის ახალგაზრდასაც კი რამდენიმეწლიან გამოცდილებას სთხოვენ. ამ კუთხით ახალგაზრდები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან გამოცდილებით ჯერ არავინ დაბადებულა.

  1. კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახურის დეფიციტი

ჭარბი კვალიფიკაციის პრობლემა ასევე საკმაოდ აქტუალურია, რადგან შესაბამისი სამუშაო პოზიციების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო კანდიდატების რაოდენობა ძალიან დიდი. ამ პრობლემას კიდევ ხშირად შევხვდებით მანამ, სანამ შრომის ბაზარზე კონკრეტული სპეციალისტების რაოდენობა და საგანმანათლებლო პროგრამების ბალანსი არ მოხდება. ვინ თქვა, რომ ყოველწლიურად უნდა გამოვუშვათ იმ რაოდენობით იურისტი, ეკონომისტი, ფიზიკოსი და სხვა სპეციალისტი რამდენსაც ვუშვებთ? ამას ემატება საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპიც, რომლის მიხედვითაც, ყველას უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება…

  1. არაადეკვატური მოთხოვნები

გადახედეთ შემთხვევით შერჩეულ 5 ვაკანსიას და მარტივად მიხვდებით რა იგულისხმება დამსაქმებლების მხრიდან არაადეკვატურ მოთხოვნებში. ეს ხშირად ხდება მაშინ, როცა დამსაქმებლებს კარგად არ აქვთ გააზრებული კონკრეტულად რა ფუნქცია-მოვალეობები უნდა ჰქონდეს დაკისრებული პოტენციურ თანამშრომელს და „სასურველია ესეც იცოდეს, ისიც შეეძლოს…“ პრინციპით უზარმაზარი მოთხოვნების სია აქვს შედგენილი, რომელიც აფრთხობს აპლიკანტებს. ხშირად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დათვალიერებისას საუკეთესო პროფესიონალიც კი საკუთარ თავში ეჭვს შეიტანს, ნამდვილად შეძლებს თუ არა ამ ყველაფრის შესრულებას, ეს რაღაც დრაკონის დამარცხებას გავს, რომლისთვისაც აუცილებლად პოლიგლოტი უნდა იყო, რამდენიმე უმაღლესი განათლება გქონდეს და თან ახალგაზრდა იყო…

  1. რეზიუმე

გქონიათ შემთხვევა, როცა კომპანიებისთვის გაგიგზავნიათ რეზიუმე და ის თითქოს გაქრა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არავის დაურეკავს? გულწრფელები რომ ვიყოთ, სამუშაოს ძებნის პროცესს ხშირად არასერიოზულად ვეკიდებით, არ გვაქვს შედგენილი სტრატეგია, ზოგჯერ არც ვუყურებთ რეზიუმეს სად ვგზავნით, ხშირად ერთსა და იმავე რეზიუმეს ვუგზავნით ყველა კომპანიას და ა.შ. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა სამსახურის ძებნას ბოლო წუთას ვიწყებთ, როცა უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს და თანახმა ვართ მივიდეთ იქ, სადაც პირველად დაგვიძახებენ… ამ ყველაფერს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, თორემ ვრისკავთ საკუთარი დროის, წარმატების ფლანგვის ფასად.

  1. იღებთ უარს და არ იცით რატომ

„მადლობა ინტერესისთვის, კვირის ბოლომდე დაგიკავშირდებით დადებითი პასუხის შემთხვევაში“ – ეს ფრაზა თქვენთვის ნაცნობი იქნება თუ გასაუბრებაზე ყოფილხართ. საქმე ისაა, რომ კომპანიას აქვს მიმდინარე ვაკანტური პოზიცია, რომლისთვისაც „HR“-მა 100 კონკურსანტისგან უნდა აარჩიოს ერთი საუკეთესო და მას ფიზიკურად დრო არ რჩება, რომ დანარჩენ 99 აპლიკანტს სათითაოდ დაუკავშირდეს და აუხსნას რატომ არ აიყვანა სამსახურში. მეორეს მხრივ, სწორი უკუკავშირის მიღების გარეშე ადამიანი ფიზიკურად ვერ შეძლებს ხარვეზების გამოსწორებას.

  1. სწავლის და მუშაობის შეთავსება

ახლა ყველა სტუდენტის გულის ტკივილს ერთდროულად შევეხე. ერთი მხრივ, დამსაქმებლები ითხოვენ კვალიფიკაციას და განათლებას, მეორე მხრივ, იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი კომპანია, რომელიც სტუდენტებს რეალურად ხელს უწყობს სწავლის პროცესში და აქ მხოლოდ გამოცდის დროს გათავისუფლება არ იგულისხმება. ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდას მუშაობა სწორედ სწავლის საფასურის გადასახდელად სჭირდება და, საბოლოოდ, გაცდენილი საათების გამო, საგანი ჩარჩება კიდეც… მუშაობა და გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამსახურის გამო სწავლის მიტოვების შემთხვევაში, ადამიანების უმეტესობა წლების განმავლობაში სწორედ დაბალ პოზიციებზე რჩება. ამიტომ პრიორიტეტების სწორად დალაგება და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება უნდა ვისწავლოთ.

  1. არ ჰქონდათ ინფორმაცია შერჩევის ეტაპებზე

ადამიანებს ხშირად არასწორი დამოკიდებულება აქვთ სამუშაოს ძებნის პროცესზე, თავს უხერხულად გრძნობენ, ექმნებათ თვითშეფასების დეფიციტის პრობლემები და გონიათ, რომ ვინმეს რამეს სთხოვენ… არადა პერსონალის შერჩევა ორმხრივი პროცესია – ერთი მხრივ, კომპანია არჩევს დაინტერესებულთა შორის ყველაზე უფრო შესაბამის კანდიდატს, ხოლო მეორე მხრივ, კანდიდატი არჩევს კომპანიას, რომელთანაც უნდა ითანამშრომლოს. შერჩევის ეტაპებზე ინფორმაციის არქონა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომაა სამუშაოს ძებნის პროცესში, სამართლიანია როცა გასაუბრებაზე დამსაქმებელს დაუსვამთ კითხვას იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შერჩევა, გადაწყვეტილებას რა ფორმით გაცნობებენ, რა ეტაპების გავლა, რა გამოცდების და ტესტების ჩაბარება მოგიწევთ და სხვ.

  1. პირველი ნაბიჯები კარიერაში

საოცნებო კარიერის ასაშენებლად მნიშვნელოვანია კარიერული მიზნების სწორად დასახვა. ხშირად ხდება, რომ ადამიანს კარგად აქვს გააზრებული რა არის მისი სასურველი კარიერის საბოლოო მდგომარეობა, საბოლოო წერტილი, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა ბუნდოვანია. ჩვენ კი მოტივაცია არ გვყოფნის და ორშაბათისთვის გადავდებთ ხოლმე ისეთ საქმეებს, რომლების შესრულების გზებსაც კარგად ვერ ვხედავთ. ბევრი ადამიანი რისკავს კარიერული განვითარების ფასად მაშინ, როცა არ აქვს განსაზღვრული პირველი ნაბიჯები, როცა უბრალოდ არ იცის, რით უნდა დაიწყოს. ბონუსად ჩვენს კომპეტენტურობასთან დაკავშირებული ეჭვებიც თან დაგვდევს და ეს ყველაფერი ერთად ჩვენს თავდაჯერებულობას დაღს ასვამს.

  1. თვითპრეზენტაცია

რადგან გასაუბრება ადამიანის ყოველდღიურობას არ წარმოადგენს, ხშირად სტრესს და შფოთვას იწვევს. შფოთვა ჩნდება მაშინ, როცა მოვლენებს და სიტუაციებს ვერ ვაკონტროლებთ და ვგრძნობთ, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც ჩვენ გვინდა. ზოგჯერ, მარცხის ან უარყოფის შიშის გამო, წინასწარ უარყოფითად ვართ განწყობილები და თითქოს ველოდებით უარს როდის გვეტყვიან, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს… ასევე შეიძლება უბრალოდ არ ვიცოდეთ  გასაუბრებაზე ეფექტურად წარდგენისთვის რა არის საჭირო, როდესღაც ხომ ყველა ვსწავლობთ. თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებთ საკუთარი თავის წარდგენას, რამდენად თავდაჯერებული იქნებით.

  1. ნეპოტიზმი

ჩამონათვალში ნეპოტიზმს ხალხმა გვერდი ვერ აუარა. გულდასაწყვეტია, რომ „ნაცნობობა“ დღემდე პრობლემად რჩება. საბოლოო ჯამში, დამსაქმებელს მაინც ხარისხი და პროფესიონალიზმი სჭირდება. „ნაცნობობა“ შესაძლოა გამოგადგეთ შერჩევისას, მაგრამ შემდეგ თუ საქმეს მუდმივად თავს ვერ გაართმევთ, დიდი შანსია, რომ კომპანიისთვის უსარგებლო აღმოჩნდებით. შრომითი კმაყოფილებისთვის კი, ანაზღაურების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებდეს და თავს საჭირო სპეციალისტად მიიჩნევდეს, რომელსაც სარგებლის მოტანა შეუძლია.

ეს იყო გამოკითხულთა მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული პრობლემები, რომლებსაც დასაქმების პროცესში აწყდებიან. საკმაოდ ბევრი ფაქტორია, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კარიერის დაგეგმვის და სამუშაოს ძებნის პროცესში. ჩამოთვლილთაგან თითო ადამიანი სამზე მეტ პრობლემას მაინც აწყდება. პანდემიის შემდეგ სურათი კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. დღეს განსაკუთრებით გაიზარდა კარიერული კონსულტანტების როლი, ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა სამუშაოს ძებნის და კარიერის დაგეგმვის პროცესში ყველა ეტაპზე, რომ სწორად გამოიყენონ დრო და სხვა რესურსები. როგორც ამბობენ, წარმატებისთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე. ამისთვის კი მზა რეცეპტები არ არსებობს, მიხარია და მეამაყება ადამიანების წარმატებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა: მათი მომზადება საჭირო ადგილისთვის და საჭირო დროს ამ საჭირო ადგილას გასაშვებად.

 

მერი ტარიელაშვილი – ფსიქოლოგი, კარიერული განვითარების სპეციალისტი