„6 ყველაზე სახიფათო პროფესია და დარგი კორონა ვირუსის პერიოდში“

კორონა ვირუსმა გავლენა მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ადამიანზე ორი მიმართულებით იქონია, მისი პირველი – ავადმყოფობა, ხოლო მეორე მიმართულება  – ფსიქოლოგიური გავლენაა. ამ პერიოდში არსებული პროფესიული სირთულეები დიდწილად უკავშირდება ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ შრომის ბაზრის მოდიფიცირებას და ინდივიდის მიერ საკუთარ ცხოვრებასთან, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.

დავიწყოთ შრომის ბაზრის მდგომარეობის განხილვით:

ავადმყოფობის შემდეგ, ალბათ ყველაზე ცუდი, რაც ამ კრიზის დროს შეიძლება მოხდეს, უმუშევრობა ან დროებითი უმუშევრობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ლარის კურსს ასეთი რამ ემართება… როცა ადამიანებს საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, მათ შორის, ფინანსური ვალდებულებები აქვთ, რომლების შესრულებასაც, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ვეღარ ახერხებენ, ეს წარმოუდგენლად რთულია. და ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ოჯახის, მოხუცი მშობლების ან მცირეწლოვანი შვილების წინაშე ამ ვალდებულებებით შექმნილი მწარე რეალობის წინაშე დგება, ვერც ერთი დანაპირები, და ონლაინ ლექცია ვერ უშველის. უმეტესობა მათგანი ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს კორონა ვირუსი მომკლავს თუ შიმშილი და აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას.

#ჩვენვმუშაობთშენთვის #დარჩისახლში

გამოვავლინოთ ყველაზე სახიფათო სპეციალობები, რომლებიც ყველაფრის, მათ შორის კორონა ვირუსის მიუხედავად, მაინც აგრძელებენ მუშაობას, ესენია:

ჯანდაცვის და სამედიცინო სფერო

სანიტარებიდან დაწყებული, ექთნები, ექიმები, კლინიკების ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ საკუთარი სიცოცხლის ფასად – ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მადლობა მათ! და თუ აქამდე საზოგადოება გულგრილად უდგებოდა ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგების, ვირუსოლოგების სპეციალობებს, მათ მიმართ დაბალ ინტერესს იჩენდნენ, დღეს ლამის ყოველი მეორე ეპიდემიოლოგი ან/და დეზინფექციონისტი აღმოჩნდა… თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ კარდიოლოგი – გასაგებია, ტრავმატოლოგი, ქირურგი – გასაგებია, ხოლო თუ ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტები აკითხავდნენ, ისინი საზოგადოებისგან გარიყული, სამარცხვინო და თითქოს აწ უკვე მეორეხარისხოვანი ადამიანები იყვნენ.  დღეს ვირუსები და ინფექციები ჩვენი ცნობიერი აღქმის და ცხოვრების ნაწილი გახდა.

ჟურნალისტები და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტები

სიმართლის ერთგული მოდარაჯე ძაღლები, ასევე საკუთარი სიცოცხლის ფასად აგრძელებენ მოღვაწეობას და ჩვენთვის სანდო, ობიექტური ინფორმაციის მოწოდებას. აქვე არ უნდა დავივიწყოთ რეჟისორების, პროდიუსერების, ოპერატორების და ტელევიზიის ადმინისტრაციის დაუღალავი გაათმაგებული შრომა და ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტების როლი ასეთ კრიზისულ პერიოდში, თუნდაც ერთი არასწორად გაშუქებული ამბავი საკმარისია, რომ ისედაც შეშინებულ საზოგადოებაში სრული ქაოსი და პანიკა გამოიწვიონ. მადლობა მათ პროფესიონალიზმისთვის და მადლობა მათ შრომისთვის!

სამართალდამცავები

მართალია ასეთი პანდემიის პირობებში, ლოგიკურად,  თითქოს დანაშეულიც და დამნაშავეებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ისვენებენ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს პოლიციელებს საქმე მაინც უამრავი აქვთ, რადგან უწევთ უპასუხისმგებლო მოქალაქეების იძულების წესით კარანტინში გადაყვანა და თვითიზოლაციის წესების შესრულების უზრუნველყოფა. ქართველები მაინც და მაინც დისციპლინირებული ერი არ ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრებაც გამოვთქვი და მივეცი მას არსებობის უფლება, რომლის თანახმადაც, სლოგანი „დარჩისახლში“ თითქოს ასოციაციურად ბავშვობისდროინდელ განცდებს აღვიძებს. გაიხსენეთ, როდის გეუბნებოდნენ მშობლები სახლში დარჩები, არსად არ წახვალ, გარეთ ფეხს ვერ გაადგამ – როცა გსჯიდნენ… და ადამიანს რა უნდა?! მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ძალიან აწუხებს… უნდა სასჯელს, ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით, გვერდი აუაროს. შესაბამისად, პოლიციისთვის მიმდინარე სირთულეებს წარმოადგენს თვითიზოლაციიდან გაქცეული მოქალაქეების დევნა, დეპრესიას ალკოჰოლური თრობით რომ ებრძოდნენ და შემდეგ კი გზებზე თავი თავისუფლად რომ იგრძნეს, სიჩქარეს და მოძრაობის წესებს რომ არღვევენ იმ მძღოლების დევნა და, სამომავლო პერსპექტივით, ფინანსური კრიზისის გამო ქურდობის-ყაჩაღობის შემთხვევები.

მერია, მუნიციპალური ორგანოები

ყველაფრის მიუხედავად აგრძელებენ მუშაობას, მშენებლობებს, საგზაო სამუშაოებს, ზრუნავენ ქალაქის სისუფთავეზე და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის გზების სადეზინფექციო სამუშაოებსაც ატარებენ. მუშაობას და მგზავრების გადაყვანას არ წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

ინტერნეტი და კავშირგაბმულობა

რომ არა შესაბამისი კომპანიებისა და სპეციალისტების შრომა, ალბათ ახლა ამ ვიდეოსაც ვერ უყურებდით. მაშინ როდესაც კორონა ვირუსმა სახლებში გამოკეტვა გვაიძულა, ფაქტობრივად, ყველა ინტერნეტ-რესურსების ასჯერ უფრო აქტიური მომხმარებლები გავხდით, ახლა ხომ ყველაფერი დისტანციურად გვაქვს, მუშაობა -დისტანციურად, სწავლა – დისტანციურად… ამის უზრუნველყოფას სჭირდება 24/7 მხარდაჭერა პროვაიდერისგან.

მთავრობა, ადმინისტრაცია

საგანგებო მდგომარეობაში მათზე დატვირთვა და პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. კი არავის ვეჯიბრებით, მაგრამ ჩვენი მთავრობა საკმაოდ მობილიზებულია და სხვა ბევრზე ეფექტურად უმკლავდება კორონა ვირუსით გამოწვეულ სირთულეებს.  ვირუსის პრევენციის მიზნით, საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ჩვენ დისციპლინის პრობლემების და ამ მეთოდით მუშაობის უცოდინრობის გამო, ადაპტაცია საკმაოდ გვიჭირს და, შესაბამისად, სამსახურში დარჩენილ თანამშრომლებზე მოდის შრომის უდიდესი წილი. სახელმწიფო სამსახურის უპირატესობად გამოიხატა ანაზღაურების სტაბილურობაც, რომელიც ამ ეტაპზე უცვლელი დარჩა.

სხვა დარგების ან სპეციალობების სირთულეებზე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში.

მადლობა პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ ჩემთვის, შენთვის! მადლობა ზედმეტად პატარა სიტყვაა მათდამი პატივისცემის გამოსახატავად!

 

ავტორი:

მერი ტარიელაშვილი

ფსიქოლოგი, კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტი