სწორ და საჭირო დროს, სწორ და საჭირო ადგილას მოვხვდი

დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. შოპენჰაუერს აქვს ნათქვამი: ,,საშუალო ადამიანი იმაზე ზრუნავს, როგორმე დრო მოკლას, ნიჭიერი კი – მის გამოყენებას ესწრაფვის.” დრო ის პირობითი განზომილებაა, რომლის არც გაჩერება შეგვიძლია და არც დამორჩილება. არც კი ვიცით სად და როდის იწყება. როცა გვგონია, რომ დრო კიდევ გვაქვს, უეცრად შესაძლოა ამოგვეწუროს. ის, არასდროს არ არის საკმარისი დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად, თუმცა მისი სწორად დაგეგმვა და გამოყენება შეგვიძლია. დროს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს კარიერის დაგეგმვაში.

,,ზოგჯერ ადამიანები არასწორად გეგმავენ მომავალს, ზუსტად ვერ აანალიზებენ ინტერესის სფეროებსა და შესაძლებლობებს, ამიტომ კარიერულ არჩევანსაც არასწორად აკეთებენ. სანამ მივლენ სწორ მიზნებამდე და სწორ არჩევანს გააკეთებენ კარგავენ ყველაზე ძვირფას რესურსს – დროს. მსგავსი ფაქტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კარიერული კონსულტაცია” – ამბობს ლელა ირემაძე. ის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტია. COVID-19 ლელას კარიერულ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა. მუშაობდა ბათუმში, სასტუმრო ვინდემში, გაყიდვებისა და ღონისძიებების კოორდინატორის პოზიციაზე. ახლა ,,შვებულებაშია”, სანამ სასტუმრო არ დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას.

– ლელა რა გაძლევს მოტივაციას რომ შექმნილ მდგომარეობას გაუმკლავდე?

– ის ფაქტი, რომ დროს ფუჭად არ ვკარგავ და ვმუშაობ საკუთარ თავზე. რეალურად ამ სემესტრში იმდენად დატვირთული იყო სასწავლო პროგრამა, რომ რაღაც მომენტში ხელსაყრელიც გამოდგა სამსახურის დაკარგვა.

– რას საქმიანობ ახლა? რა გეგმები გაქვს?

– ახლა მაქსიმალურად ვარ ორიენტირებული სწავლასა და თვითგანვითარებაზე. მომავალში მსურს წავიკითხო ლექციები ბათუმის უნივერსიტეტებში ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული კულტურის მიმართულებით.
ასევე მინდა კერძო ბიზნესის სახით ბათუმში გავხსნა ბურგერ-კაფე. ზოგადად ძალიამ მიყვარს ბურგერი, მისი მომზადებაც. სამზარეულო ჩემთვის ცალკე ინტერესის სფეროა და ამ მიმართულებითაც ვგეგმავ საქმიანობას.

– საინტერესო იდეები გაქვს. ფიქრობ, რომ უკვე არსებული პრაქტიკული გამოცდილება დაგეხმარება საკუთარი ბიზნესის მართვაში?

– გამოცდილება მაქვს, წლებია ვმუშაობ ამ სფეროში, მაგრამ აუცილებელი და საჭიროა კიდევ მეტი გამოცდილების მიღება, რათა წარმატებული იყოს ჩემი ბიზნესი.

– საინტერესოა, რა არის შენთვის წარმატება?

– წარმატებული ვარ-მეთქი, ამის თქმას თამამად შევძლებ, როდესაც ჩემი ოჯახის წევრების წინაშე დაკისრებულ პასუხისმგებლობას პირნათლად გავართმევ თავს, ისე რომ თვითონაც ვიყო ბედნიერი ჩემი პირადი ცხოვრებითა და კარიერული მიღწევებით. აქვე მსურს განვმარტო, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობები თვითონ დავაკისრე საკუთარ თავს ოჯახის წევრების წინაშე. რაც შეეხება ბედნიერებას კარიერულ მიღწევებში, აქ პირველ რიგში, ვგულისხმობ ზემოაღნიშნული ლექციების წაკითხვას, შემდეგ უკვე სხვა გეგმების განხორციელებას და საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

– როგორ შეუძლია ადამაინს, რომ საკუთარი ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესოს?

– გამზადებული ფორმულა, რომ ეს არის მაღალხარისხიანი ცხოვრება, ხოლო ის – არ არის, არ მგონია, სწორი იყოს. ადამიანები ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და განსხვავებულია ჩვენი დამოკიდებულებაც საკუთარი თავის მიმართ, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ყალიბდება. სწორედ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება განაპირობებს, ცხოვრების სტილს, ხარისხს. პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა გავარკვიო, მე რა მინდა ცხოვრებისგან და არა – რას თვლის საზოგადოება ცხოვრების მაღალ ხარისხად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– როგორ დღეზე იტყოდი ,,რა შესანიშმავი დღეა”

– ჩემთვის შესანიშნავი დღეა, როდესაც დილით მივდივარ სამსახურში, სადაც სტუდენტებს ვაძლევ მათთვის მნიშვნელოვან ცოდნას, ვეხმარები იმ კარიერის აგებაში, რომლისთვისაც მოვიდნენ უნივერსიტეტში. შესანიშნავი დღეა, როდესაც ჩემი წვლილი შევიტანე სტუდენტების წარმატების საფუძველში, შემდგომ კი საღამოს 7 საათისთვის დავბრუნდი ოჯახის წევრებთან და საღამოს გავატარებ მათთან ერთად.

– ლელა, რატომ გადაწყვიტე კარიერული განვითარების ცენტრში მისვლა და დასაქმების ექსპრეს კურსის გავლა?

– მას შემდეგ, რაც სამსახური დავკარგე, დავინახე, რომ მეთოდები, რომლითაც ვხელმძღვანელობდი უკვე აღარ მუშაობდა. საერთაშორისო შრომის ბაზარზე სხვა სტანდარტები და მოთხოვნები გაჩნდა. იმ პერიოდში, კი აღმოვაჩინე კარიერული განვითარების ცენტრი, სწორ და საჭირო დროს, სწორ და საჭირო ადგილას მოვხვდი.

– საინტერესოა, რა მოლოდინები გქონდა?

– მქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული კურსი უფრო ნათლად დამანახებდა ჩემი გადაწყვეტილების მართებულობას, მიზნებს, რის გამოც მივედი ამ გადაწყვეტილებამდე.

– როგორ მიმდინარეობდა სწავლების პროცესი?

– დისტანციურად, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო.

– რა შედეგები მოგცა კარიერულმა კონსულტაციამ?

– კარიერული კონსულტაციის პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო: მივიღე პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც მქონდა. უფრო ნათლად განვსაზღვრე ჩემი მომავალი. ასევე გავაანალიზე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, მივიღე რჩევები როგორ წარმოვაჩინო ძლიერი მხარეები უკეთ, რომ მივიღო სარგებელი და ასევე, მივიღე რეკომენდაციები სუსტი მხარეების დასაძლევად.

– კურსისგან მიღებულ შედეგებზე რას იტყვი?

– დასაქმების კურსზე მივიღე პრაქტიკული ცოდნა კარიერული განვითარების პროცესების უკეთ სამართავად. შევძელი კარიერული განვითარებისთვის საჭირო პროცესების სწორად დაგეგმვა. ვისწავლე, როგორ მოვახდინო გავლენა HR სპეციალისზტზე, როგორ მოვახდინო ეფექტური თვითპრეზენტაცია. ახლა შემიძლია ჩემს მეგობრებსაც ვურჩიო როგორ შექმნან ეფექტური რეზიუმე, რა ელენტები გამოყონ და ასევე, როგორ დაწერონ სწორად სამოტივაციო წერილი, რომელიც არია დასაქმებისთვის მთავარი სავიზიტო ბარათი. მივიღე ბევრი რეკომენდაცია, რომელიც ახლა მომავლის დაგეგმვაში მეხმარება. ეს პროგრამა შეესაბამება საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებულ სტანდარტებს და ძალიან კარგად მუშაობს.

– როგორ ფიქრობ, რაში ეხმარება დასაქმების კურსი ადამიანებს?

– პირველ რიგში, საკუთარი მიზნების და სურვილების გაანალიზებაში, შემდეგ კი შესაბამისი კარიერის არჩევაში და საჭირო პროცესების დაგეგმვაში. ეხმარება ისწავლონ დროის მართვა და გააცნობიერონ, რომ საჭიროა დროში ინვესტირება და არა მისი ხარჯვა.

– რას გამოჰყოფდით ამ პროგრამაში, როგორც მნიშვნელოვან კომპონენტს?

– ძირითადი შეცდომები რეზიუმეში. არსებობს რეზიუმეში შეცდომები, რომლების დაშვების
შემთხვევაშიც, HR-ების მხრიდან გამოხმაურება 76%-ით
მცირდება. ათასობით შაბლონი არსებობს, როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური რეზიუმე, მაგრამ პრაქტიმაში არცერთი არ მუშაობს. პრინციპში, დღემდე არავინ იცის, როგორია კარგი CV. მაგრამ, ამ პროგრამამ სწორედ ამ კითხვას გასცა პასუხი.

– ლელა, უკვე დაასრულე ,,ექსპრეს კურსი ოცნების სამსახურისთვის”, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არიან დემოტივირებულები?

– ვეტყოდი, რომ არსებული მდგომარეობა არავის ბრალი არ არის, განსაკუთრებით კი მათი ბრალი არ არის და არავითარ შემთხვევაში მოტივაცია არ უნდა დაკარგონ. პირიქით, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ საკუთარ სისუსტეებზე სამუშაოდ. გეგმა, რომელიც თავიანთი კარიერული განვითარებისთვის შეიმუშავეს, თავიდან უნდა განიხილონ, უნდა გადააწყონ არსებული მდგომერეობის შესაბამისად და სანამ მიზანს არ მიაღწევენ, მცდელობა არ უნდა შეწყვიტონ.

 

რუბრიკის ავტორი:

ეთო ბიქოშვილიჟურნალისტი