რატომ არის მოხალისეობა მნიშვნელოვანი?

დღეს ბევრს საუბრობენ სამყაროს შეცვლაზე. ცვლილებების ინიციატორებს კი, ისეთ სამყაროში ცხოვრება უნდათ, სადაც თანამშრომლობითი ურთიერთობები და ჰარმონიული თანაცხოვრებაა, საზოგადოება ნაკლებად არის დაყოფილი სოციალურ ჯგუფებად.

სამყაროს შეცვლის პროცესი უკვე დაწყებულია და ცვლილებების ინიციატორები ჯანსაღად მოაზროვნე,მომავალზე ორიენტირებული,კეთილი და თავდაჯერებული ადამიანები არიან. მათ ,,მოხალისეების” სახელით ვიცნობთ.

ზოგადი განმარტებით მოხალისეობა არის საქმიანობა განხორციელებული ფიზიკური პირების მიერ თავიანთი თავისუფალი ნება-სურვილით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ჩვეულებრივ ორგანიზაციების დასახმარებლად, რომლებიც საქმიანობენ საზოგადოების სასარგებლოდ.

მოხალისეობა თავის მხრივ შეიძლება გაიყოს ორ სახედ: ფორმალური და არაფორმალური. ფორმალური მოხალისეობა, რომელიც უფრო გავრცელებულია გულისხმობს მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებას ორგანიზაციის მეშვეობით, ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში, ხოლო არაფორმალური მოხალისეობა გულისხმობს მოხალისეობრივი აქტივობის განხორციელებას ორგანიზაციული მოწესრიგებიის გარეშე. ასევე შეიძლება გამოვყოთ მოხალისეობის მიმართულებები: უნარებზე დაფუძნებული მოხალისეობა, რაც გულისხმობს რომელიმე სპეციალობის მქონე პირის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებას; ვირტუალური მოხალისეობა, რაც ინტერნეტთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული; საგანმანათლებლო მოხალისეობა – სწავლება უცხო ენებისა და სხვა კონკრეტული მიმართულებებისა, მოხალისეობა საზღვრებს გარეთ, რაც დაკავშირებულია მოგზაურობის მოტივთან და განვითარებადი ქვეყნების დახმარებას სურვილთან და სხვა.

მოხალოსეობა დადებითი თუ უარყოფითი პროცესი?

მოხალისეობას ვერ შევაფასებთ როგორც დადებით ან უარყოფით პროცესს,რადგან ცნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე იგი მოიცავს როგორც პოზიტიურ,ისე ნეგატიურ მხარეებს. ყველაზე მთავარი უარყოფითი მხარე მოხალისეობისა არის განსაზღვრული დროის გრაფიკის შეცვლა და გაუთვითცნობიერებული საქმიანობა ორგანიზაციის ფარგლებში, როცა არ არის გამიჯნული მოხალისისა და თანამშრომლის უფლება-მოვალეობები. თუმცა მოხალისეობას გააჩნია უამრავი დადებითი მხარე, დაწყებული ახალი კონტაქტების დამყარებიდან, დამთავრებული გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობით. ასევე,უნდა აღინიშნოს,რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაადგინეს,რომ მოხალისეობა ხელს უწყობს ადამიანში სტრესის ნაკლებობას, იმუნური სისტემების გაუმჯობესებას,ბედნიერების ჰორმონის – ენდორფინების გამოყოფას, რაც ხდება მაშინ, როცა ადამიანი სასიკეთო საქმეს აკეთებს და თავს ბედნიერად გრძნობს. მოხალისეობრივი საქმიანობისათვის უამრავი მოტივი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს შეიძლება მოხალისეობის საკუთარი, ინდივიდუალური მოტივი გააჩნდეს, შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ზოგადად გავრცელებული მოტივი, როგორიცაა: სხვების დახმარების სურვილი, საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარება, ახალი ადამიანების გაცნობა, ანაზღაურებადი სამსახურის შოვნის სურვილი, მოგზაურობის სურვილი, საკუთარი თავის პოვნის მოტივი, რელიგიური მიზეზი,საკუთარი სამსახურისგან განსხვავებული საქმის კეთების სურვილი და ა.შ

ისტორიული ექსკურსი

ტერმინი „მოხალისეობა“ ჩანაწერის სახით პირველად გამოჩნდა დაახლოებით 1600 წელს სამხედრო მნივნელობით – „ისინი ვინც თავაზობდნენ საკუთარ თავს სამხედრო სამსახურისათვის“. არასამხედრო მნიშვნელობით კი დაახლოებით 1630 წლისათვის გვხვდება. 1851 წელს პირველი „ახალგაზრდა მამაკაცების ქრისტიანული ასოციაციის“ (YMCA) მოძრაობა დაიწყო. კლარა ბარტონმა 1881 წელს დააარსა ამერიკის წითელი ჯვარი და დაიწყო მოხალისეების მობილიზება კატასროფების შერბილების ოპერაციებისათვის, მათ შორის ჯონსთაუნის წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად 1889 წელს. მე-19 საუკუნეში რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია არსებობდა ხალხის დასახმარებლად, თუმცა „ხსნის არმია“ არის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც დაჩაგრულთა დასახმარებლად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია საქველმოქმედო ხასიათისაა, დაარსებიდან მათ აქვთ განხორციელებული საკმაოდ ბევრი მოხალისეობრივი პროგრამა. 20-ე საუკუნის დასაწყისში კი რამდენიმე მოხალისეობრივი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, ისეთები როგორიცაა: „Rotary International”,
“Kiwanis International”, “Association of Junior Leagues International” და “Lions Club International”.

მოხალისეობა საქართველოში

საქართველო დიდი მოხალისეობრივი კულტურის მქონე ქვეყანაა,რომელმაც ეს ძალიან ღრმა ფესვებიდან დაიწყო. მოხალისეები იყვნენ მეფეები, დედოფლები და ჩვეულებრივი ადამიანები,რომლებიც კერავდნენ,ქსოვდნენ და სხვდასხვა გზით ეხმარებოდნენ ჩვეულებრივ ადამინებს,ხელმოკლე ოჯახებს და ყველას,ვისაც ეს სჭირდებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით,მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს მეფე 1270-1289 დემეტრე II თავდადებული,რომელიც გლეხის ფორმას გადაიცვამდა და ღამ-ღამობით სოფლებში დადიოდა და გლეხებს ეხმარებოდა ფინანსურად,ტანსაცმლით და ავადმყოფებს საჭირო მედიკამენტებით. სოციალური დახმარების კიდევ ერთი მაგალითი უკავშირდება თამარ მეფეს. ის დაკავებული იყო ხელსაქმით,თვითონ ქსოვდა,კერავდა,ქარგავდა და ტანსაცმელს გლეხებში არიგებდა. ასევე მისი მეფობის ხანაში,ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო გარკვეული ოდენობის თანხა,რომელიც განკუთვნილი იყო გლეხების სამედიცინო დახმარებისთვის. მოხალისეობის კიდევ ერთი მაგალითია უძველესი ქართული დღესასწაული ,,ყეენობა“,რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქართული ღვინის კულტურასთან,მაგრამ ამ უძველესი წარმოდგენის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ მოხალისეობა იყო: 1966 წელს გამოცემულ წიგნში – ,,ქართული ხალხური დღესასწაული“,ვკითხულობთ,რომ დღესასწაულის მონაწილეებს ურემი დაჰქონდათ, რომელიც კალათებითა და ხურჯინებით იყო დატვირთული. შემოსული თანხის არც თუ ცოტა ნაწილით,ხელმოკლე ოჯახებსა და ავადმყოფებს ეხმარებოდნენ და ასევე ღარიბ გასათხოვარ ქალს მზითევს უმზადებდნენ.

საქართველოს ისტორიაში მოხალისეობის განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი უკავშირდება 1879 წელს საქართველოში ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჩამოყალიბებას. ეს იყო კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია,რომელის სათავეშიც იდგნენ მოწინავე ქართველი მოღვაწეები. ისინი ეწეოდნენ მოხალისეობრივ საქმიანობას. ბევრი ქართველი მწერალი თავის თხზულებათა გამოცემას სწირავდა საზოგადოებას. ამ პერიოდში მოხალისეობრივი საქმიანობით გამოირჩეოდა მარიამ დემურია – მოხალისე-აქტივისტი ქალი. მან დაარსა ,,ავჭალის აუდიტორია,” სადაც კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე და იმართებოდა სხვადასხვა წიგნის, სტატიის, დოკუმენტის საჯარო კითხვა. ამ გზით აძლევდნენ განათლებას ადამიანებს. უპრეცედენტო იყო XX საუკუნეში ილიკო ქურხულის მოღვაწეობა. რომელიც იყო მოხეტიალე მუსიკოსი,მესტვირე და მევიოლინე. მან ფეხით შემოიარა მთელი საქართველო და ბავშვებს სრულიად უფასოდ ასწავლიდა მუსიკას.

გადაცემა ,,იმედის გმირები” ყოველკვირა აშუქებდა ადამიანებს, რომლებიც უნგაროდ აკეთებდნენ სხვადასხვა აქტივობებს. მაგალითად: მიშო ტყებუჩავა, რომელიც ყოველ საღამოს მუხუცებს ლექსებს უკითხავდა. ნუკრი მჭედლიშვილი უფასოდ ასწავლიდა მოზარდებს საბრძოლო ხელოვნებს და ა.შ

მოხალისეობის უპრეცედენტო მაგალითი ქართულმა საზოგადოებამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ იხილა,როცა ქუჩებში ათასობით მოხალისე გამოვიდა სტიქიისაგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად. ერთ-ერთი მოხალისე,რომელიც თვალში მომხვდა 24 წლის გიორგი ლომიძეა, რომელმაც საკუთარი მანქანა ტაქსად გადააკეთა და უფასოდ გადაყავდა მგზავრები.

განსაკუთრებით გაძლიერდა მოხალისეების მნიშვნელობა მას შემდეგ,რაც მსოფლიო კორონა ვირუსის პანდემიამ მოიცვა. თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებში ჩვენს ქვეყანაში გართულდა ადამიანების სოციალური მდგომარეობა. წითელ ზონად გამოცხადდა მარნეული და გაჭირდა მაღაზიაში გასვლაც კი. მარნეულის რაინოს სოფ.მარადისის ეკოკლუბის წევრებმა გაყიდეს საკუთარ სათბურში მოყვანილი ბოსტნეული და ყვავილები და აღებული თანხით სოციალურად დაუცველებს, მოხუცებს და მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ. ბევრი ასეთი მაგალითი ნახა საზოგადოებამ პანდემიის პერიოდში.

მოხალისეობრივი საქმიანობა მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს შრომის კულტურის განვითრებას,რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების პროცესში და ხელს უწყობს მოქალქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და მათ აქტიურ ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ავტორი:
ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი