კარიერის დაგეგმვის როლი თანამედროვე სამყაროში

XXI საუკუნის გაცხოველებული კონკურენციის და მუდმივად ცვალებადი გარემო პირობებში, აუცილებელი გახდა თითოეულმა ინდივიდმა თავად დაგეგმოს და მართოს საკუთარი კარიერა.

კარიერის დაგეგმვა შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან:
კარიერული ინფორმაცია: შრომის ბაზრის შესახებ სისტემური ინფორმაციის მიწოდება, (პროფესიათა კატალოგები) შრომის ბაზრის პროგნოზირება, მოთხოვნადი სამუშაოები, შრომის ბაზრის კვლევა, უმუშევრობის დონე, სამომავლო კარიერული და დასაქმების შესაძლებლობები, სასწავლო კურსები და პროფესიები.
კარიერული განათლება: საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ეხმარება სტუდენტებს მიიღონ გადაწყვეტილება სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის კრიტიკულ ეტაპებზე, მიზნად ისახავს კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარებას, რათა სტუდენტებმა შესძლონ საკუთარი კარიერისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მართვა.
კარიერული კონსულტირება: ტარდება პირისპირ ან პატარა ჯგუფებთან და აქცენტი კეთდება განსხვავებულ კარიერულ გამოწვევებზე, რომლის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს პიროვნება.

კარიერული დაგეგმვა, მომავლის აწმყოში გადმოტანას ნიშნავს და წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს განათლებას და შრომის ბაზარს შორის. ის არის მომსახურება, რომლის მიზანია, ნებისმიერი ასაკის ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, დაეხმაროს პროფესიის არჩევასა და შეცვლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, წარმატებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში, დასაქმებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის მოწესრიგებაში. მაგალითად: ავსტრიის შრომის, სოციალური და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურმა სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად,შეიმუშავა პროექტი – ,,კარიერული ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის”. პროექტის ფარგლებში,სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ,მიიღონ ინფორმაცია,რჩევები და კონსულტაციები კარიერის დაგეგმვის შესახებ. დანიაში, კარიერის დაგეგმვისთვის არსებობს ე.წ ელექტრონული კონსულტაცია. ის უზრუნველყოფს, პერსონალურ კონსულტაციებს ყველა მოქალაქისთვის სხვადასხვა ვირტულური საკომუნიკაციო არხის საშუალებით: ჩატი,მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ელ. ფოსტა და ფეისბუქი. ელექტრონული კონსულტაციები ყველასთვისაა, ვისაც სჭირდება ინფორმაცია განათლებისა და დასაქმების შესახებ. პორტუგალიაში კი, დასაქმების საჯარო სამსახურს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც ეხმარება ყველას კარიერულ კონსულტაციაში, დაგეგმვასა და სამუშაოს პოვნაში. იგივე პრაქტიკის მქონე ქვეყანაა სლოვენია, რომელსაც აქვს ,,უწყვეტი კარიერული დაგეგმვის ჯგუფი”. პოლონეთში, სადისკუსიო პლატფორმა არსებობს, სადაც სასარგებლო რჩევას იღებს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. რაც შეეხება ფინეთს, მათ ე.წ გასვლითი სამუშაოების პროგრამა აქვს. კარიერული კონსულტანტები მიდიან რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში და კონსულტაციებს უტარებენ ახალგაზრდებს, დასაქმებულებს, ასწავლიან, როგორ დაგეგმონ და განავითარონ საკუთარი კარიერა.

კარიერის დაგეგმვის კარგად ჩამოყალიბებულ სისტემას, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შრომის ბაზრის, უმუშევრობის პრევენცია-შემცირებაში და სოციალური თანასწორობის მიზნის მიღწევაში. დღეს, კარიერის სწორად დაგეგმვა შესაებლობას გვაძლევს, განვსაზღვროთ, ჩვენი ხვალინდელი დღე !