რა არის რბილი უნარები და როგორ გამოვიმუშავოთ ისინი? 3 რჩევა

რბილი უნარები არატექნიკური უნარებია, რომელიც თავის თავში აერთიანებს პრობლემის სწრაფად გადაჭრის, ადამიანებთან მარტივად კომუნიკაციის, დროისა მენეჯმნეტისა და ა.შ უნარ-ჩვევებს.

სტატიაში გაგაცნობთ, თუ როგორ შეძლებთ მათ გამომუშავებასა და გამოყენებას. ასევე გაგიზიარებთ რა უპირატესობის მომტანია მუშაობის პროცესისას და როგორ დაგეხმარებათ ის წარმატების მიღწევაში.

რა არის რბილი უნარები და როგორ გამოიყენება ისინი სამუშაო პროცესში?

რბილი უნარები გავლენას ახდენს ადამიანის მუშაობის ხარისხზე. ის მოიაზრებს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, დროის მენეჯმენტის უნარს, ემპათიას და ა.შ

HR მენეჯერები, ძირითადად შემთხვევაში ამჯობინებენ კადრს, რომელსაც ეს უნარები მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, რადგან ამ შემთხვევაში, მეტია იმის გარანტია, რომ თანამშრომელი უკეთ შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. შესაძლოა კადრი კარგად ფლობდეს ტექნიკურ უნარებს და საქმის პროფესიონალი იყოს, თუმცა თუკი მას არ შეეძლება დროის მენეჯმენტი და კოლეგებთან კომუნიკაცია, საბოლოო ჯამში წარუმატებლობის შანსი დიდია.

რბილი უნარების მქონე ადამიანს, შეუძლია მარტივად ადაპტირება ახალ გარემოსთან, რაც კიდევ ერთ პლუსს სძენს ადამიანებს HR მენეჯერის თვალში.

ძირითად შემთხვევაში ადამიანები ამ უნარებით, საუკეთესონი არიან ისეთი ტიპის სამსახურებში, სადაც მათი ძირითადი მოვალეობა კლიენტებთან კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრაა.

როგორაა შესაძლებელი რბილი უნარების გამომუშავება?

მყარი უნარებისგან განსხვავებით, რბილი უნარები, ემოციებს ჰგავს. მისი საშუალებით შეგიძლია ამოიცნო სხვისი განცდები და ფიქრები. ითვლება, რომ რბილი უნარების სწავლა, მყარისგან განსხვავებით, გაცილებით რთულია, რადგან მათი გამომუშავება მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებითაა შესაძლებელი.

გთავაზობთ 3 გზას ამ უნარების განსავითარებლად:

1. აირჩიე ერთ-ერთი უნარი და მუდმივად იმუშავე მის განვითარებაზე

ზოგიერთი უნარის განსავითარებლად, აუცილებელია ყოველდღიური მუშაობა მასზე და ცხოვრებისეულ წესად დანერგვა. მაგალითისთვის, თუკი გსურთ რომ დროის მენეჯმენტი უკეთ შეგეძლოთ, აუცილებელია ყოველდღიურად ფოკუსირდეთ რომ დანიშნულ დროზე, ან ოდნავ ადრე მიხვიდეთ ნებისმიერ ადგილას. ეს ეხება არა მხოლოდ სამსახურს, არამედ სამსახურგარე ცხოვრებასაც. ეს დაგეხმარებათ გახდეთ მეტად პუნქტუალურები, რაც შემდგომში განავითარებს დროის მენეჯმენტის უნარს.

2. დააკვირდი იმ ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტული რბილი უნარი კარგად აქვთ გამომუშავებული

ცხოვრებაში აუცილებლად შეხვდებით პროფესიონალებს, რომლებსაც ესა თუ ის უნარი კარგად აქვთ განვითარებული. საწყის ეტაპზე, აუცილებელია მათი დაკვირვება, ქცევის შესწავლა და ზოგჯერ მიბაძვაც კი, რათა ეს ქცევები თქვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცეს, რითაც თანდათანობით სხვადასხვა უნარი განგივითარდებათ.

3. დაისახეთ გონივრული მიზნები

აუცილებლად დაისახეთ კონკრეტული, მიღწევადი მიზნები. იმისთვის რომ ეს პროცესი გაგიმარტივდეთ,ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული გზაა სთხოვოთ თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს, გითხრან ის უარყოფითი თვისებები, რომლებსაც ყოველდღიურად ამჟღავნებთ. ჯანსაღ კრიტიკას შეუძლია მეტად დაგანახოთ ის უნარები, რომელთა განვითარებაც თქვენთვის აუცილებელია. შედეგად კი დაისახავთ მიზნებს და გაცილებით სწრაფად მიაღწევთ სასურველს.

 

სტატიის ავტორი: ნატალია სიდამონიძე