12 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. ამ რესურსების დიდი ნაწილი რამდენიმე კვირიანი კურსებით შემოიფარგლება, რომლის დასრულების შემთხვევაშიც თქვენ, როგორც წესი, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებთ. საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმები მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობენ. მომხმარებლებს  ყველაზე მეტად მოსწონთ ისეთი პლატფორმები, რომლებიც სასწავლო პროგრამების და კურსების მრავლფეროვნებით გამოირჩევა, აქვთ ,,ძებნის” ფუნქცია და დასრულების შემდეგ მარტივად იღებ სერტიფიკატს. საუკეთესოთა სიაში მოხვდნენ:

coursera.org – უფასო კურსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული არჩევანი სხვადასხვა სფეროში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისგან.

Khanacademy – უფასო კურსები არა მხოლოდ უფროსებისთვის, არამედ სკოლის მოსწავლეებისთვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაც კი. გაკვეთილები ბავშვებისთვის ქართულ ენაზეც არის უფასოდ ხელმისაწვდომი ka.khanacademy.org

edx.org – სამეცნიერო კურსების დიდი არჩევანი მათთვის, ვისაც ამერიკის ელიტური უნივერსიტეტების პროგრამები აინტერესებს.

udemy.com – კარგად ორგანიზებული ტექნიკური და უნარ-ჩვევების კურსები სიმბოლურ ფასად – 10 დოლარად.

udacity.com – აქცენტი ტექნოლოგიურ კურსებზე – პროგრამირება, მონაცემთა მართვა, ფიზიკა, მობილური პლატფორმები.

Lynda.com – აქცენტი კურსებზე ვიზუალურ კომუნიკაციაში, გრაფიკულ და ვებდიზაინში, ფოტოგრაფიაში, ვიდეო და ხმის ინჟინერიაში. ლინდას ონლაინკურსები დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათი ფასი კი 20-35 დოლარის ფარგლებში მერყეობს და არ აქვს უფასო ვერსია.

Academicearth.org – ონლაინ ხარისხის მოსაპოვებელი კურსების დიდი არჩევანი, რომლებისგანაც ბევრი ავტორიტეტულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

openculture.com – მრავალპროფილური ონლაინკატალოგი, რომელიც მოიცავს როგორც ონლაინსაგანმანათლებლო პლატფორმებს, ასევე საუნივერსიტეტო ონლაინკურსებსაც. ასევე, დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს – აუდიო და ელექტრონულ წიგნებს, უფასო ფილმების კატალოგს.

alison.com – სასერტიფიკატო კურსები სხვადასხვა სფეროში პროფესიული ზრდისთვის, აქცენტით ბიზნესზე, ტექნოლოგიებზე, უცხო ენებსა და ჯანდაცვაზე.

codecademy.com – სპეციალიზებული კურსები პროგრამული კოდირების შესწავლის მსურველებისთვის. უფრო მეტად განკუთვნილია დამწყები პროგრამისტებისთვის.

futurelearn.com სასწავლო პლატფორმაზე განთავსებულია როგორც უფასო, ისე ფასიანი სასწავლო პროგრამები და კურსები. ის მომხმარებელს სთავაზობს სწავლების უახლესი მეთოდებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ცოდნა მარკეტინგის, ბიზნესის, მედიის, მედიცინის, სამართლის და სხვა მიმართულებით. ონლაინ ბარდება  გამოცდაც და შესაძლებლობა ეძლევა მსმენელს აიღოს სერტიფიკატი.

eduonix.com – პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ გაიაროთ კურსები თქვენთვის მოსახერხებელ დროს. მიუხედავად კურსის ხანგძლივობისა. არის როგორც ფასიანი კურსები, ისე უფასო მარკეტინგის, პერსონალური განვითარების, IT ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით.

მოცემული რესურსები საშუალებას გაძლევთ უფასოდ შეისწავლოთ თქვენთვის საინტერესო სპეციალობა ან საბაზისო წარმოდგენა შეიქმნათ თქვენთვის საინტერესო სფეროზე. ამასთანავე, შეგიძლიათ კურსის გავლის  დამადასტურებელი სერტიფიკატიც აიღოთ მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტისგან. განათლებაზე ასეთი ხელმისაწვდომობა კი ინტერნეტის და ციფრული ეპოქის ერთ-ერთ დიდ მიღწევად  შეიძლება ჩაითვალოს.

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი