2020 წლის მოკლე სახელმძღვანელო დისტანციური მუშაობის შესახებ

COVID-19 პანდემიის გამო მსოფლიოში კომპანიების უმეტესობა დისტანციური მუშაობის მეთოდს იყენებს.

სრულფასოვანი მუშაობა დისტანციურად არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ეს ურთულესი ტრანსფორმაციაა ყველასთვის – დასაქმებულისთვის, რომელიც შრომის ნაყოფიერების გაუმჯობესებას ცდილობს, მენეჯერისთვის, რომელიც საკუთარი გუნდის უკეთ მართვისთვის ინსტრუმენტებს ეძებს და სამუშაოს მაძიებლისთვის – რომელიც დისტანციურ პოზიციებს განიხილავს.

დისტანციური მუშაობის მეთოდს ახლავს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები, მიუხედავად ამისა, ეს მეთოდი ამიერიდან უფრო მყარად დამკვიდრდება და ინტეგრირდება კომპანიებში.

აღნიშნული მოკლე სახელმძღვანელო დაგეხმარებათ უკეთ წარმართოთ დისტანციური მუშაობის პროცესი.

დისტანციური მუშაობის დროს დასაქმებულის უპირატესობები:

      • უკეთესი მუშაობა-ცხოვრების ბალანსი;
      • გაზრდილი პროდუქტულობა და საქმეზე ორიენტაცია;
      • ნაკლები სტრესი;
      • გადაადგილების, ოფისის წესების შესრულების თავიდან აცილება;
      • ფინანსების დაზოგვა.

დისტანციური მუშაობა არ გულისხმობს მთელი დღე პიჟამოებით კომპიუტერთან ჯდომას და მუშაობის პროცესში არათემატური ვიდეოების ყურებას.

სინამდვილეში იგი ბევრად რთულია.

 

ზოგი ადამიანი სახლიდან მუშაობისას ძალიან ნაყოფიერია, ზოგი კი არც ისე.

რეალურად სახლიდან ეფექტურად მუშაობისთვის შენ გჭირდება:

      • შესანიშნავი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები. ერთია, როდესაც თქვენს გუნდთან პირისპირ საუბრობ და სულ სხვაა, როცა მათთვის დავალებების მიცემა, მოტივირება და უკუკავშირი ჩატის და ვიდეოს საშუალებით გიწევთ;
      • შენთვის კომფორტული უნდა იყოს დამოუკიდებლად მუშაობა;
      • შეგეძლოს შეინარჩუნო ჯანსაღი სამუშაო-ცხოვრების ბალანსი და კარგად განვითარებული დროის მართვის უნარები გქონდეს;
      • სერიოზული და საკმარისად მკაცრი მიდგომა სამუშაო ეთიკისადმი, რომ რეალურად გააკეთო საქმე და არ გაწელო იგი მთელი დღის განმავლობაში.

 

10 აუცილებელი რჩევა დისტანციური მუშაობისთვის

  1. შექმენი, მოაწესრიგე სამუშაო სივრცე.

პირადი მოწესრიგებული სამუშაო სივრცე შრომის ნაყოფიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი დღე პიჟამოებით საწოლში წოლასთან ერთად ლეპტოპით მუშაობით ვერც ბევრ საქმეს გააკეთებ და ვერც ხარისხიანად იმუშავებ, ხოლო როცა სამუშაო სივრცეს და სამუშაო მაგიდას მიუჯდები, უფრო მარტივად შეგექმნება სპეციფიკური განწყობა, რომლის დახმარებითაც საქმის კეთება უფრო სასიამოვნოც იქნება.

დარწმუნდი, რომ სამუშაო სივრცე სუფთა, საჭირო ნივთებით ორგანიზებულია და შენ გარდა მას არავინ იყენებს.

ნუ იმუშავებ საწოლიდან, რადგან თავს მალე იგრძნობ დაღლილად, შემოგერევა ძილი და დაკარგავ შრომის ნაყოფიერებას.

  1. ხელის შემშლელი ფაქტორები, რომლებიც ყურადღების დეფიციტს იწვევს
  2. დისტრაქტორები სხვადასხვა ზომის და ფორმის არსებობს. მაგალითად: მყეფარი ძაღლი, უსუფთაო ბინა, 10 წუთში ერთხელ მესენჯერების, პირადი შეტყობინებების შემოწმება, არათემატური სატელეფონო ზარები…
  3. მნიშვნელოვანია დისტრაქტორების, ხელის შემშლელი ფაქტორების შემცირება და შეძლებისდაგვარად თავიდან არიდება. გამოსავალი შეიძლება იყოს:
      • დროებით დაბლოკო ბრაუზერში საიტები, რომლებსაც ხშირად გართობის მიზნით სტუმრობ და დროს გაკარგვინებენ;
      • უთხრა შენს მეგობრებს, შეყვარებულს, ოჯახის წევრებს, რომ მიუწვდომელი იქნები, პირობითად, 17:00 საათამდე;
      • დაისვენეთ მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრულ დროს, მაგალითად სადილსა და სამხარზე;
      • შეიძინეთ სპეციალური ხმის ჩამხშობი ყურსასმენები.

მთავარია, რომ თქვენ შეიმუშაოთ ისეთი სივრცე, რომელშიც თავს ისე იგრძნობთ, თითქოს სამსახურში ხართ.

  1. გამოეთიშეთ აპლიკაციებს და გამორთეთ ყველა შეტყობინება, რომელიც არ ეხება სამუშაოს.

ეს შეიძლება იყოს: ტელევიზია, სოციალური მედია, პირადი ელ-ფოსტა, მესენჯერები და სხვ დისტრაქტორები.

და ანალოგიურად, არასამუშაო საათებში გამორთეთ ის აპლიკაციები, საიტები და მოწყობილობები, რომლებიც სამსახურს უკავშირდება.

  1. გაწერეთ გრაფიკი, დღის გეგმა

კიდევ ერთი მცდარი წარმოდგენა დისტანციური მუშაობის შესახებ:

იღვიძებ როცა გინდა, უყურებ საყვარელი ტელე შოუს ან სერიალის ბოლო ეპიზოდებს და შემდეგ იწყებ მუშაობას. – ეს წარმოდგენა მცდარია ყველა მიმართულებით.

თუ გსურს რეალურად იყო პროდუქტული და დაასრულო მუშაობა 17:00 საათზე, აუცილებლად გჭირდება განსაზღვრული დღის განრიგი.

თუ გამოიყენებ და დანერგავ ამ წესებს, ეფექტურად ჩამოგიყალიბდება დაგეგმვის ჩვევა, რაც ახალ სამუშაო გარემოსთან შენი გონებისა და სხეულის სწრაფ ადაპტაციას უზრუნველყოფს.

თანაც ახლა შენ ხომ აღარ გჭირდება დრო სახლიდან სამსახურამდე მისასვლელად.

  1. აკონტროლე დრო

თუ გსურს დარწმუნდე შენი დღის გეგმის განხორციელებაში, თვალყური ადევნე პროცესს.

არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარება გასაკეთებელი საქმეების სიის შედგენაში, მონიტორინგში და რომ ნაყოფიერად გამოიყენო თითოეული დღე და საათი.

დისტანციურად მუშაობის პროცესში დაგეგმვა პირადი პროდუქტულობის შესანარჩუნებლად აუცილებელი და შესანიშნავი გზაა.

და ბონუსად, შენ შეგიძლია ნახო ფლანგავ თუ არა დროს სოციალურ მედიაზე და თუ კი, კონკრეტულად რომელ საიტებზე და როდის… შედეგად გეცოდინება რომელი საიტები დაბლოკო და როგორ გააკეთო მეტი საქმე.

  1. დრეს კოდი

ნუთუ დისტანციური მუშაობის მთავარი თავისებურება პიჟამოებით საწოლიდან მუშაობაში არ მდგომარეობს?!

რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი დისტანციურ მუშაობაზე.

მაგრამ თუ გსურს მეტი პროდუქტულობა, გამოყავი დრო სამუშაო ტანისამოსის შესარჩევად, ეს იქნება შენი შრომის ნაყოფიერებისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური განწყობა და საჩუქარი.

შეხედე ამ პროცესს როგორც თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინას, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩაიცვი რაც მოგესურვება.

ასევე თუ შენი სამუშაოს ნაწილს ვიდეო ზარები შეადგენს, არავის სურს იცოდეს როგორ გამოიყურები პიჟამოში.

  1. დაგეგმე წინასწარ

იცი რაზე მოგიწევს მუშაობა ხვალ? შემდეგ კვირას? შემდეგ თვეს?

როდესაც მუშაობ დისტანციურად, მარტივია გაება მახეში სახელად „მოკლევადიანი აზროვნება“. განსაკუთრებით კრიზისის განმავლობაში.

წინასწარ სამუშაოს დაგეგმვა მხოლოდ გამოსადეგი იქნება შენთვის.

შეგიძლია გამოიყენო:    

      • პირადი ბლოკნოტი;
      • Google კალენდარი;
      • ყოველდღიური ან ყოველკვირეული საქმეების სია;
      • სხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტები წინასწარ
        საქმეების ჩასანიშნად.
  1. განსაზღვრე რა მუშაობს შენთვის

ქვემოთ იხილავ სახლიდან მუშაობისთვის რჩევებს:

არ არსებობს მზა რეცეპტები – ყველა მუშაობს განსხვავებულად.

ზოგიერთი ადამიანი ამჯობინებს იმუშაოს 25-წუთიანი ინტერვალებით (პომოდორო ტექნიკა), მაშინ როდესაც სხვებს ურჩევნიათ იმუშაონ მანამ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ.

არავის შეუძლია მუდმივად დროის მართვის ტექნიკის გამოყენება და პროცესის მონიტორინგი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა ნაყოფიერებას…

ამიტომ უნდა სცადო რამდენიმე ტაქტიკა და აარჩიო რომელი მუშაობს საუკეთესოდ პერსონალურად შენთვის.

  1. დაისახე და მიყევი შენს მიზნებს

დისტანციური მუშაობა თავისი ბუნებით გულისხმობს, რომ უნდა იყო მიზანზე ორიენტირებული. დიდწილად, არავინ იქნება ისეთი, ვინც თავზე დაგადგება, რომ შეამოწმოს ნამდვილად მუშაობ თუ არა.

ზოგიერთი ადამიანის მოტივაცია მერყევია და სჭირდება მხარდაჭერა ნებელობის გამოსამუშავებლად, რომ საქმე დაასრულოს.

ამის თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდი, რომ ყოველდღიური დავალებები და მიზნები სწორად გაქვს განსაზღვრული. ამ გზით დისტანციურად მუშაობის დროს მოტივაციის ოპტიმალურ დონეს შეინარჩუნებ.

  1. შეიმუშავე სწორი კომუნიკაცია

თუ სახლიდან რეგულარულად არ მუშაობ და ეს მეთოდი პირველად უნდა სცადო, შესაძლოა წააწყდე სირთულეებს.

უზრუნველყავი სწორი, შეუფერხებელი კომუნიკაცია შენს ხელმძღვანელსა და კოლეგებთან.

ამისთვის აარჩიე სწორი პროექტის მართვის მეთოდი და საკომუნიკაციო ინსტრუმენტები, რომ საქმის განხორციელებაში ჩართული ყველა ადამიანი იყოს ერთ სივრცეში.

ახლა უკვე მზად ხარ გადადგა ნაბიჯი დისტანციური მუშაობისკენ!

 

მერი ტარიელაშვილი – ფსიქოლოგი, კარიერული განვითარების სპეციალისტი